ივანე ლიპარიტის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღვაში, XI ს. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, სპასალარი, კლდეკარის ერისთავი. გადახვეწილი იყო ბიზანტიაში ბაგრატ IV-გან შერისხულ და ბერად აღკვეცილ მამასთან, ლიპარიტ IV-თან, ერთად. ამ უკანასკნელის თხოვნით, 1059 საქართვ. მეფემ შეიწყნარა ი. ლ. ძ., დაუბრუნა მამაპაპეული მამული და სპასალარად დანიშნა. ერთხანს იგი ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს, დიდი პოლიტ. უფლებები მოიპოვა და ეკონომიკურადაც გაძლიერდა. ალფ-არსლანის შემოსევების დროს (იხ. ალფ-არსლანის ლაშქრობანი საქართველოში 1064, 1068)ი. ლ. ძ. მეთაურობდა ალფ-არსლანთან მეფის სამოციქულო მისიას. 1069 დაამარცხა განძის ამირა ფალდონი. 1073 კი ისევ მეფის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩადგა – აუჯანყდა გიორგი II-ს, კახელები მოიშველია და ქსნისპირა ადგილები დაიჭირა. გიორგი II იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო: ი. ლ. ძ-ს სამშვილდე უბოძა, მის შვილს ლიპარიტს კი – ლოწობანი. 1074 ი. ლ. ძ. ისევ განუდგა მეფეს, მაგრამ ამჯერად კახელები გიორგი II-ს მიემხრნენ და იგი იძულებული გახდა მეფეს დაზავებოდა. შემდეგ ი. ლ. ძ-მ ქ. გაგი გამოსტაცა მეფის მეციხოვნეებს და საქართვ. მტერს განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. დაახლ. 1074 კი მორჩილებით ეახლა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ თურქ-სელჩუკების სულთან მელიქ-შაჰს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ი. ლ. ძ. გამოიპარა. 1080 მელიქ-შაჰი შეესია საქართველოს და ი. ლ. ძ. ოჯახიანად ტყვედ ჩაიგდო. შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, მთ. რედაქტ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.

რ. მეტრეველი.