ივანე მონისძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XI ს. ქართველი ოქრომჭედელი. შემორჩენილია მის მიერ ხელმოწერილი და ზუსტად დათარიღებული (1040) ორი მცირე ზომის ფირფიტა (18×17 სმ) წმ. ბასილისა და წმ. ნიკოლოზის გამოსახულებებით. ეს ფირფიტები, სხვებთან ერთად, დაკრული იყო შემოქმედის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის არშიაზე (ამჟამად შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმშია). ფირფიტები ერთნაირი მოყვანილობისაა – ვიწრო, მაღალი, ზემოთ ნახევარწრიული მოხაზულობის; თითოეულზე თითო გამოსახულებაა. წმ. ნიკოლოზისა და წმ. ბასილის გამოსახულებები შესრულებულია გლუვ ფონზე, ფრონტალურად, მთელი ტანით. მეტყველი სახეები ინდივიდუალიზებულია, სხეულთა პროპორციები – სწორი. მოქანდაკე შეგნებულად ქმნის მოცულობას. აქ საქმე გვაქვს ქართ. ოქრომქანდაკებლობის იმ საფეხურთან, როცა ოსტატები სკულპტურულ-პლასტიკურ ამოცანებს ისახავენ. დანარჩენი ორი ფირფიტა ინახება ერმიტაჟში.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; საყვარელიძე თ., ალიბეგაშვილი გ., ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, თბ., 1980; Амиранашвили Ш. Я., История грузинского искусства, М., 1963; Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, I 1906; Alibegašvili G., Beridze V., Volskaja A., Xuskivadze L., I Tesoridella Georgia. Milano, 1984.