ივანე I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ყვარყვარე) ჯაყელი – ციხი ჯვარელი, საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XII ს. 90-იან–XIII ს. 50-იან წლებში, მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის სპასალარი. XII ს. 90-იან წლებში მეფის მომხრეთა ბანაკში იყო და ებრძოდა თამარის წინააღმდეგ შეთქმულ დიდგვაროვან აზნაურებს. მონაწილეობდა ჯალალედინის წინააღმდეგ ბრძოლებში, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მონღოლებს სამცხეში და, ვიდრე რუსუდან მეფის ნებართვა არ მიიღო, მტერთან მოლაპარაკება არ დაიწყო (სხვა "საქვეყნოდ გამრიგენი" მონღოლებს უომრად ნებდებოდნენ). ჩაღათა ნოინმა ი. სამცხის გამგებლად დატოვა.

დაახლ. 1242–43 ი. I-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსუდანისა დადავითის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლასა და დავით უფლისწულის მონღოლთა ურდოში მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნაში. უმეფობის ხანაში დაამარცხა მცირე აზიის თურქები, რ-თაც დაიპყრეს სამხრ. საქართვ. მიწა-წყალი. მას დახმარებისათვის მიმართეს სანაპირო თემების – ტაოს, შავშეთ-კლარჯეთის, კოლა-არტაან-კარნიფორის გამგებლებმა. ი. I-მა 10000-იანი ლაშქარი შეკრიბა. ბრძოლა მოხდა ვანის ვაკეზე. ქართველებმა გაიმარჯვეს. ბრძოლის შემდეგ ი. I სამცხეს დაბრუნდა, ხოლო დამარცხებულ მტერს თავისი შვილიშვილები ივანე (პაპა) და სარგისი დაადევნა. მათ დაიბრუნეს მტრის მიერ დაკავებული ტერიტ. და თურქები საქართველოს საზღვრებიდან გააძევეს. ი. I-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო ტახტის მემკვიდრის – დავით გიორგის ძის – მოძებნასა და ჩამოყვანაში (შემდეგ იგი მეფედ დასამტკიცებლად ურდოში გაისტუმრეს). ი. I კოხტასთავის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური და ინიციატორი იყო.

წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966. შ. ლომსაძე.