ივანე IV ვასილის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრისხანე (25. VIII. 1530, სოფ. კოლომენსკოე, – 18. III. 1584, მოსკოვი), მოსკოვის დიდი მთავარი (1533-იდან), პირველი რუსი მეფე (1547-იდან). რიურიკოვიჩების დინასტიიდან. თვითმპყრობელობის გაძლიერებისა და სახელმწ. ცენტრალიზაციის განმტკიცების მიზნით გაატარა მთელი რიგი რეფორმები (1549–60). მის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კავკასიასთან (განსაკუთრებით ყაბარდოსთან) ურთიერთობას. 1557 მოსკოვში ჩასული ყაბარდოელი ელჩები რუს. მთავრობას მოახსენებდნენ, რომ მათთან ერთად "ერთი ფიცითა და პირობით არიან შეკრულნი ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა" და მათთან ერთად ქართველებიც ითხოვდნენ რუს. მფარველობას და დახმარებას მთავარი მტრების წინაღმდეგ. ი. IV ვ. ძ-ის მეფობის დროს წამოიჭრა კახეთის საკითხი – 1563 კახეთის მეფე ლევანმა ელჩები გაგზავნა მასთან. სწორედ ამ ელჩობას მოჰყვა კახეთის შესვლა მოსკ. "მფარველობაში", კახეთის მეფის თხოვნით ი. IV ვ. ძ-მ ციხე ჩადგა კავკასიაში, ხოლო მეფეს მსროლელთა რაზმი გამოუგზავნა.

ლიტ.: ბერძენიშვილინ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-–XVII სს. მიჯნაზე, «მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის», 1944, ნაკვ. 1; ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

ნ.ნაკაშიძე.