ივანიცკი-ინგილო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაფიელ ალექსანდრეს ძე (23. VII. 1886, სოფ. კახი, ახლანდ. აზერბაიჯანი, –11.VII 1966, მადრიდი, დაკრძალულია პარიზში), ქართველი იურისტი, მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. თელავის სას. სასწავლებლისა და პეტერბ. უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იურისტად. 1921-იდან, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში, 1924–48 – რომში (იტალია). იტალ. ენაზე აქვეყნებდა ნარკვევებსა და სტატიებს, რ-ებითაც იტალ. საზ-ბას უღვივებდა ინტერესს ქართ. კულტურისა და ისტორიისადმი, თარგმნიდა ქართ. ლიტ-რის ნიმუშებს. 1942 იტალ. ენაზე პირველად გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" არასრული თარგმანი. 1948 პარიზში მღვდლად ეკურთხა. იყო ესპანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რექტორი მადრიდში.

ლიტ.: ჩაჩანიძე ვ., "ვეფხისტყაოსნის" იტალიური გამოცემები, «საბჭოთა ხელოვნება», 1965, #11.