ივანობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი დღესასწაული. იმართება წელიწადში ორჯერ, 24 ივნისს (ახ. სტილით 7 ივლ.) და 29 აგვისტოს (ახ. სტილით 11 სექტ.). პირველი თარიღი მისი შობის დღეა, ხოლო მეორე – თავისკვეთის.

24 ივნისს (ახ. სტილით 7 ივლისს) კახეთში ნათლისმცემლობას ეძახდნენ. ხალხი იოანე ნათლისმცემელს ნათლობის შემოღებას უკავშირებდა და ექიმად, ყოვლის მშველელად ჰყავდა წარმოდგენილი.

რაჭასა და ლეჩხუმში ამ დღეს ი. ერქვა. მას ღომის ლოცვასაც ეძახდნენ, ვინაიდან ეს დღე ამ მარცვლეულის სიუხვისთვის იყო განკუთვნილი. ლეჩხუმში დიასახლისი ნიგვზიან ან ყველიან ტაბლას (რიტალურ პურს) აცხობდა, რაჭაში კი – ჩიტის გამოსახულების განატეხს (ასევე რიტუალური პური). ლეჩხუმელი დიასახლისი ტაბლას ღომის ყანაში წაიღებდა, ილოცებდა, რომ ღომი ჩიტს არ შეეჭამა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა და იქვე შეჭამდა. რაჭველი დიასახლისიც იმავეს შესთხოვდა ღმერთს, რის შემდეგაც განატეხს ღელეზე წაიღებდა და შიგ ჩააგდებდა, მამაკაცებს მისი ჭამა ეკრძალებოდათ, ხოლო ვისაც ღომი არ ეთესა, ის ამ დღეს უქმად ატარებდა.

სვანეთში ამ დღეს ანობს მან ანგლეზსეძახდნენ. იოანე ნათლისმცემელს ფეტვის მჭადებს სწირავდნენ და მთელი ოჯახისათვის თვალის სიჯანსაღეს შესთხოვდნენ.

ხევში, სტეფანწმინდიდან 3-4 კმ-ის დაშორებით იოანე ნათლისმცემლის მთავარი ხატია, მისი ნიშები კი სხვადასხვა სოფლებშიც გვხვდება. ლეგენდის მიხედვით, ერთხელაც ქისტებს მოხევე ქალები გაუტაციათ. გამტაცებლებს მონადირეები დასდევნებიან და ქალები გადაურჩენიათ, სანაცვლოდ თემს მათი თხოვნა შეუსრულებია და იოანე ნათლისმცემლის სალოცავი იქ გადაუტანიათ, სადაც მონადირეებს ნანადირევი ეწყოთ. მისი დღესასწაული დიდი პატივით აღინიშნებოდა 29 აგვისტოს (ახ. სტილით 11 სექტ.). იოანე ნათლისმცემელი ხევში ხიზნების (ოჯახის, კერძოდ ბავშვების) მფარველად მიაჩნდათ. მას ჯანმრთელობას შესთხოვდნენ; შესთხოვდნენ, ასევე ბავშვებს ხადი ანუ ბატონები კეთილად მოეხადათ.

ი-ისდღესასწაულზე ღამისთევით მიდიოდნენ. მიჰქონდათ ქადა-სანთელი, მიჰყავდათ თეთრი ფერის ცხვარი, წითელი მამალი, რ-ებსაც ან გაუშვებდნენ, ან კლავდნენ. 29 აგვისტოს (ახ. სტილით 11 სექტ.), მძიმე მარხვის გამო ძირითადად ხმელი სუფრა იმართებოდა, საკლავი კი მეორე დღეს იკვლებოდა. რიტუალური პურებიც მეორე დღეს იჭრებოდა. სამი დეკანოზიდან ერთი საკლავს კლავდა, მეორე რიტუალურ პურებს ჭრიდა, მესამე კი ხალხის შეწირულ სასმელს იბარებდა. ბოლოს ყველა ილხენდა. ამ დღეს ხევში დანის ხმარება იკრძალებოდა, რადგან ნათლისმცემელს მახვილით მოჰკვეთეს თავი.

ნათლისმცემელი ხევში ხიზნების გარდა ქალების მფარველიც იყო. იგი თავის კარზე არა მარტო ხანდაზმულ, არამედ ახალგაზრდა ქალსაც იღებდა. თურმე ერთ-ერთ ხატობაში ფეხმძიმე ქალმა შინ წასვლა ვერ მოასწრო და იქვე იმშობიარა. ნათლისმცემელი მას არ გასწყრომია. ამის შემდეგ იგი მშობიარე და მელოგინე ქალების მფარველად მიაჩნიათ. დღეობაში ქალებს აუცილებლად ფერხისა უნდა ჩაებათ. Fფერხისას ძირითადად ხნიერი ქალები ასრულებდნენ. ეს წესი არა მარტო მთავარ ხატში, არამედ მის ნიშებშიც ბოლო დრომდე სრულდებოდა. L

ლიტ.: აბაკელია ნ. ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; გარდაფხაძე-ქიქოძე ფ., ქართული ხალხური დღეობები (რაჭა-ლეჩხუმი), თბ., 1995; ითონიშვილი ვ., მოხევეების ყოფა-ცხოვრება, თბ., 2015; ღამბაშიძე ნ., ქართული ხალხური და საეკლესიო დღესასწაულები, თბ., 2011; წერედიანი ნ., სვანურ-ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 2004. ნ. ღამბაშიძე.