რედაქციისაგან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენციკლოპედია "საქართველოს" II ტომში მკითხველს ვაწვდით მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. II ტომში წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ის ძირითადი სფერო, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში. ენციკლოპედია "საქართველოს" დასაყრდენია უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თორმეტტომეული და რედაქციის მიერ მომზადებული სხვა საენციკლოპედიო გამოცემები ("თბილისი", 2002; "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა", ტ. 5, 1990, ტ. 2, 2004; "ქართული ენა", 2008; "თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები", 2008 და სხვ.). მასალების შერჩევისა და აგების ძირითად მეთოდოლოგიურ პროცესში შეტანილია ცვლილებები (იგულისხმება ცალმხრივი იდეოლოგიზაციის, დოგმებისა და სტერეოტიპების დაძლევა). აღსანიშნავია, რომ თავიდან გათვალისწინებული იყო ენციკლოპედია "საქართველოს" 5 ტომად გამოცემა, თუმცა ბოლო ათეული წლების განმავლობაში უხვად დაგროვილი ახალი ინფორმაციის გამო და იმასთან დაკავშირებით, რომ, მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით, II ტომში ოდნავ გაიზარდა შრიფტის ზომა, შესაძლებელია ენციკლოპედიის ტომების რაოდენობამ გეგმურს გადააჭარბოს. ენციკლოპედია "საქართველოს" II ტომი სხვადასხვა მიზეზის გამო 15 წლის დაგვიანებით გამოდის, ამიტომ რედაქციას გადაწყვეტილი აქვს აღნიშნული ენციკლოპედიის გამოცემის დასრულების შემდეგ, შესაძლო ხარვეზების შესავსებად, დროის შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, გამოსცეს სპეციალური ტომი.