საქართველოში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოში ვ-ის მხატვრული დამუშავება ქართ. ხელოვნების ერთ-ერთი უმთავრესი და უძველესი დარგია და არსებობის რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ლითონ-მქანდაკებლობის განვითარებაში როგორც კავკასიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. უძველესი წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ქართველთა ტომებში ლითონის დამუშავების ხელოვნების შესახებ. ქართველური ტომები შესანიშნავ იარაღსა და მაღალმხატვრულ ჭურჭელს ამზადებდნენ. ამას მოწმობს ასურეთის მეფე სარგონ II-ის წარწერა (ძვ. წ. 714), რ-შიც ჩამოთვლილია “თაბალთა ქვეყანაში” მოპოვებული ოქროსა და ვ-ის მხატვრული ნაკეთობანი. ხელოვნ. ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწო ქვეყანაში ძვირფას ლითონთა საბადოების არსებობამ, რაც დადასტურებულია ძვ. ავტორთა თხზულებებში (სტრაბონის “გეოგრაფია”). ამასვე ამტკიცებს ბერძნ. მითი ოქროს საწმისის შესახებ, რ-იც ძვ. ბერძნ. ავტორთა აზრით, კოლხეთში რეალურ ვითარებას ასახავდა. ბიბლიაში მოხსენიებულია ქართველთა წინაპარი, “თუბალ-კაენი, მჭედელი რვალისა და რკინისა” (დაბადება, IV, 22). ვ-ის მხატვრული დამუშავების ისტორია საქართველოში რამდენიმე ისტ. ეტაპს მოიცავს: თრიალეთის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი პერიოდი, ანტ., გვიან ანტ. ხანა და შუა საუკუნეები. თრიალეთში მოპოვებული ვ-ის ნივთები (ფრიზებიანი თასი, სარწყული) ტორევტიკის უძველესი ნიმუშებია საქართველოში. ეს საკულტო-სარიტუალო ნივთები თავიანთი მხატვრული თა-ვისებურებებით, პლასტ. კომპოზიციების დახვეწილობით, ორიგინ. სიმბოლური არსით ძვ. სამყაროს გამორჩეული ნაწარმოებებია. თრიალეთის ვ-ის ნივთების მხატვრული ხასიათი, სტილი მჭიდრო კავშირს ავლენს წინა აზიის უძველეს ხელოვნებასთან. მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ანტ. საქართველოს (ძვ. წ. V–IV სს.) ვ-ის მხატვრული ნაკეთობანი. ორიგინალურად დეკორირებული ვ-ის ჭურჭელი (ყაზბეგი, ახალგორი, ვანი) გამოირჩევა მაღალი მხატვრული გემოვნებით, ტექ. ოსტატობით, თავისებური დეკორატიულობით. ამ მხატვრულ ნაკეთობებში საინტერესოდ აისახა საქართველოსა და ანტ. სამყაროს ურთიერთკავშირი. ანტ. ეპოქის სხვადასხვა ეტაპის ძეგლები საქართველოში სხვადასხვა სისრულითაა წარმოდგენილი. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა საქართველოს გვიან. ანტ. ხანის (I–III სს.) ვ-ის საგანძური. არქეოლ. გათხრების შედეგად ვ-ის მრავალი ნიმუშია აღმოჩენილი როგორც დას. საქართველოში (სარგვეში, თაგილონი, ხაიში, კვაშხიეთი, ურეკი), ისე აღმ. საქართველოში (არმაზისხევის პიტიახშთა სამაროვანი, ბაგინეთი, ბორი, ზღუდერი, ერწო, ჟინვალი), რაც ანტ. ხანის საქართველოში ჭედური ხელოვნ. მძლავრი კერის არსებობას ადასტურებს. საქართვ. გვიანანტიკური ხანის ვ-ის ნაკეთობანი ნაირგვარია თავისი დანიშნულებით, ფორმითა და მხატვრული ხასიათით (ლანგრები, დიდი ორნამენტული თასები, სხვადასხვა ფორმის კათხები და სასმისები, ფიალები, სურები, ავეჯის მოჩუქურთმებული ნაწილები). ვ-ის ნაკეთობებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა: მკაფიო თავისებურების მქონე ადგილ. ნაწარმი, რომაული ტორევტიკის ძეგლები, ადგილ. სახელოსნოებში ელინისტურ-რომაული ნიმუშების მიხედვით შექმნილი ნივთები, აღმოსავლური იერის ნაწარმოებები. ვერცხლეულის ცალკეულ ჯგუფებში ადგილ. მხატვრული ცენტრებისათვის დამახასიათებელი მხატვრულ-სტილური ნიშნებია გამოვლენილი. ასეთებია ვ-ის სურები, ფიალები სამსხვერპლოს წინ მდგარი ცხენების გრაფ. გამოსახულებებით (ბორი, არმაზისხევი, ზღუდერი, ჟინვალი), ვ-ის გარსაკრავიანი ხის მოჩუქურთმებული ფეხები ტახტისა (ბაგინეთი) და სარეცლისათვის (არმაზისხევი, ბორი, ზღუდერი, ჟინვალი). საქართვ. ანტ. ხანის ტორევტიკის ყველაზე გვიანდ. ძეგლები IV ს. დასაწყისს მიეკუთვნება. შუა საუკუნეების ვ-ის ყველაზე ადრეული ქართ. ძეგლებია მარტვილის ენკოლპიონი (VIII–IX სს.) და ზარზმის ფერისცვალების ხატი (886) – ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, მაღალგანვითარებული მხატვრული აზროვნების ნაყოფი. დღეისათვის შუა საუკუნეების ქართ. ჭედურობის საგანძური 2500-ზე მეტ ნაწარმოებს შეიცავს. ქართ. ჭედური ხელოვნ. მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება X ს. 70-იანი წლებიდან, როდესაც ქართვ. ლითონმქანდაკებელთა წინაშე საკუთრივ სკულპტურული ამოცანები დაისვა. ამ ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია იშხნის საწინამძღვრო ჯვარი (973) ჯვარცმული ქრისტეს სკულპტურული ფიგურით, იგივე მხატვრული ტენდენცია იკვეთება დავით კურაპალატის ჯვარში (XI ს. დასასრული; ოსტატი ასათ მოქმედი). ვ-ის პლასტიკის მნიშვნელოვანი ნიმუშებია ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი (დაახლ. 1000 წ.; ოსტატი – გაბრიელ საფარელი), საღოლაშენის ვ-ის ფირფიტების რელიეფები, მარტვილის საწინამძღვრო ჯვარი (XI ს. II მეოთხედი, ოსტატი – ივანე დიაკონი). X–XI სს-ში შეიქმნა ვ-ით მოჭედილი ფერწერული ხატები: ხობის ღვთისმშობლის ხატი (970), წალენჯიხის, იანაშის, გელათის, მღვიმევის, კაცხის ხატები (XI ს.). განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა XI ს. 20-იან წლებში შექმნილი ზარზმის ღვთისმშობლის ხატი, ე. წ. “ლაკლაკიძეების ღვთისმშობელი”. საქართვ. მთიანი რეგიონების ეკლესიებში (სვანეთი, რაჭა) შემონახულია საკურთხევლის წინ აღმართული ხის მოზრდილი ძელებისაგან შედგენილი მონუმ. ჯვრები, რ-ებიც ვ-ის ჭედური ფირფიტებითაა მოპირკეთებული. ვ-ის ამგვარი მონუმ. ჯვრები საკმაოდ დიდხანს (X–XI სს. მიჯნიდან XVI ს. ბოლომდე) არსებობდა (მესტიის, კაცხის, სხვავას სა-კურთხევლისწინა ჯვრები). შუა საუკუნეების საქართველოში ვ-ის მხატვრული დამუშავების სახელოსნოები მონასტრებში იყო თავმოყრილი. მნიშვნელოვანი საოქრომჭედლო ცენტრები იყო საფარის, ზარზმისა და ხობის მონასტრები. ჭედურობის დიდი ცენტრები იყო ცაგერში, ზემო სვანეთში, გურიაში. XII ს-ში ხელოვნ. ყველა დარგმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. ეპოქის ჭედური ხელოვნ. ბრწყინვალე ნიმუშია ხახულის ხატი, შექმნილი დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის დროს (XII ს. 20-იანი წწ.), რ-იც სწორუპოვარია თავისი მხატვრული ღირსებებითა და ტექ. სრულყოფით. ვ-ის ნაკეთობებზე ოსტატთა არაერთი სახელია შემონახული, მ. შ. თამარ მეფის ეპოქის ოქრომჭედლებისა. ესენი არიან: ბექა ოპიზარი და ბეშქენ ოპიზარი. ბეშქენმა შექმნა ბერთის სახარების ყდის მოჭედილობა, ბექამ – წყაროსთავის სახარების მოჭედილობა და ანჩის კარედი ხატის ჭედური ჩარჩო. გარდა საღვთისმსახურო ვ-ის ნივთებისა, არსებობდა ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საერო ნივთები, რ-თაგან სულ რამდენიმეა შემორჩენილი: გიორგი III-ის ვ-ის სურა (მესტიის მუზეუმი) და ვანის ქვაბის მონასტერში აღმოჩენილი სამი ვ-ის თასი (საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმი), რ-ებიც დახვეწილი პლასტიკური და სევადიანი ორნამენტითაა შემკული. XIII–XIV სს. ვ-ის ნაკეთობები ძირითადად წინა ეპოქის მხატვრულ პრინციპებს აგრძელებს, მთავარი ყურადღება გადატანილია დეკორსა და ორნამენტიკაზე (მაცხოვრის ხატი გელათი-დან, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის ბუდე), ხელმეორედ შეამკეს ძვ. ხატები (ანჩის ხატი, ხობის ღვთისმშობლის ხატი). XV ს. შუა წლებიდან, როდესაც საქართველომ თემურ ლენგის დამარბეველი ლაშქრობების შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო წელში გასწორება, ჭედური ხელოვნება ერთგვარად გამოცოცხლდა. ამ ეპოქიდან შემონახულია ჭედურ ნაწარმოებთა ჯგუფი, რ-თა ავტორია მამნე ოქრომჭედელი (საკურთხევლისწინა ჯვრები სადგერიდან და ბარაკონიდან, შემოქმედის კარედი ხატი). XVI ს-თვის ჭედური ხელოვნების განვითარებაში სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობა შეინიშნება. შეიქმნა ჭედურ ხატებზე ქტიტორთა ფიგურების გამოსახვის ტრადიცია. XVII ს. ოქრომჭედელთა ნამუშევრები მხატვრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნოს ნაკეთობა-ნი, რ-იც ჭედურობის ძვ. ეროვნ. ტრადიციებს აგრძელებს. XVII ს. ბოლოსთვის ქართ. ჭედურობაში ევრ. ხელოვნ. ერთგვარი გავლენა შეიმჩნევა. ეს ტენდენცია თვალსაჩინო ხდება XVIII ს. ნაწარმოებებში. XIX ს. დასაწყისში ჭედურობის ქართვ. ოსტატთა შორის გამოირჩევა ხალხ. ტრადიციების გამგრძელებელი პეპუ მეუნარგია. ამ დროს არსებითად დამთავრდა ვ-ის მხატვრული დამუშავე-ბის მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში. დაიწყო საფაბრიკო და ხელოსნური ნაწარმის გავრცელება. ვ-ის მხატვრული დამუშავების უძველეს ტრადიციას დღეს ქართვ. მხატვართა ახ. თაობები აგრძელებენ. კ. მაჩაბელი.