“ზაკავკაზსკი ვესტნიკ”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზაკავკაზსკი ვესტნიკ”, ყოველკვირეული საგუბერნიო რუსულენოვანი გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1838–55 და ვრცელდებოდა როგორც ამიერკავკასიაში, ისე რუს. იმპერიის ცენტრებში (პეტერბურგი, მოსკოვი, ასტრახანი და სხვ.). თავიდან იბეჭდებოდა მხოლოდ ოფიც. ცნობები. “ზ. ვ-ის” პირველი რედაქტორი ფორმალურად იყო დ. ყიფიანი (1838 წლის აპრილი–ივნისი), თუმცა იგი თბილისში არ იმყოფებოდა, ხელს არ აწერდა ნომრებს და, ფაქტობრივად, გაზეთის გამოცემაში მონაწილეობას არ იღებდა. 1844 “ზ.ვ-ის” რედაქტორად დაინიშნა პ. იოსელიანი, რ-ის დროსაც გაზეთს დაემატა არაოფიციალური ნაწილი (1845-იდან), გაფართოვდა და გამრავალფეროვანდა გამოცემის კულტ.-საგანმან. მიზანდასახულობა და თემატურ-შინაარსობრივი მხარე. “ზ. ვ-ის” არაოფიციალურ ნაწილში იბეჭდებოდა საისტ. და სალიტ. ხასიათის თხზულებები და წერილები საქართვ. ძვ. და ახ. ისტორიის, ლიტერატურის, ზეპირსიტყვიერების, ისტ. გეოგრაფიის, ეკლესია-მონასტრების, ქართველთა ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების, განათლების, საბიბლიოთეკო საქმის, თეატრ. ცხოვრების (ავტორები: პ. იოსელიანი, მ. ბროსე, დ. ყიფიანი, ნ. ბერძნიშვილი, ი. პოლონსკი, ი. სლივიცკი და სხვ.) შესახებ და სხვ. XIX ს. 50-იან წლებში “ზ. ვ-მა” ვერ გაუძლო კონკურენციას გაზეთ “კავკაზთან” – თავდაპირველად გაუქმდა მისი ოფიც. ნაწილი, ხოლო 1855 წლის ბოლოს “ზ. ვ.” საბოლოოდ შეერწყა “კავკაზს”. 1845–46 გამოდიოდა “ზ. ვ-ის” ოფიც. ნაწილის ქართ. დუბლიკატი “კავკასიის მხარეთა უწყებანი” (სულ გამოვიდა 11 ნომერი). ლიტ.: Барамидзе А. А., Ватейшвили Д. Л., П. И. Иоселиани. Очерк жизни и научно-общественной деятельности, Тб., 1978; Махарадзе Н. А., К вопросу о русских газетах на Кавказе в первой половине XIX века, კრ.: ჟურნალისტიკის საკითხები, დ. გამეზარდაშვილის რედ., ტ. 7–8, თბ., 1981. თ. ჯოლოგუა.