“ზემო ზღვის ქვეყნები”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზემო ზღვის ქვეყნები”, ასურეთის მეფეების თუქულთი-ნინურტა I- ისა (მეფობდა ძვ. წ. 1245–1209) და ტიგლათფილესერ I-ის (მეფობდა ძვ. წ. 1114–1076) წარწერებში არაერთხელ მოხსენიებული ქვეყნები, რ-თა წინააღმდეგ ამ ორ დამპყრობელს ხანგრძლივი ბრძოლები ჰქონდა. “ზ. ზ. ქ-ს” პირველად იხსენიებს თუქულთი-ნინურტა ერთ-ერთ წარწერაში. იგი გვამცნობს, რომ “ნაირის ყველა ქვეყანა და ზემო ზღვის ნაპირას (მდებარე) ყველა ქვეყანა ჩემმა ხელმა დაიპყრო. მათი 40 მეფე დავიმორჩილე, ჩემს ფერხთ წინაშე დავამხე და ხარკი დავადე”. კიდევ უფრო ვრცელ ცნობებს გვაწვდის ამ მხარის შესახებ ტიგლათფილესერ I, რ-საც ამ მიმართულებით ულაშქრია ძვ. წ. 1112. იგი გვამცნობს, რომ ილაშქრა “... შორეულ მეფეთა ქვეყნებისაკენ, რომელნიც ზემო ზღვის ნაპირას“ ცხოვრობდნენ. მას დაუტყვევებია ყველა მეფე, მაგრამ ადგილზევე გაუთავისუფლებია ისინი, გარდა დაიაენის მეფე სიენისა. ამ წარწერაში საყურადღებოა ის, რომ ნაირის იმ ქვეყნების კოალიციის საშველად, რ-საც სათავეში დაიაენი ედგა, მოდის სხვა “60 მეფის” ლაშქარი, რ-თაც ტიგლათფილესერი ამარცხებს და “ზემო ზღვამდე“, როგორც ჩანს, მათ გამოსავალ პუნქტამდე, მიერეკება. არაერთი მკვლევარი თვლის, რომ ასურეთის მეფეთა წარწერებში მოხსენიებული “ზემო ზღვა“ შავი ზღვაა (თუმცა არსებობს სხვა მოსაზრება, რ-ის თანახმად აქ ვანის ტბა უნდა იგულისხმებოდეს). მართლაც, ჯერ ერთი, თუქულთი-ნინურტა I თავის თავს უწოდებს “დამპყრობელს ქვემო ზღვიდან ვიდრე ზემო ზღვამდე“. რამდენადაც “ქვემო ზღვა“ სპარსეთის ყურეს და მის გაგრძელებას – ოკეანის სივრცეს გულისხმობს, “ზემო ზღვაშიც“ მისი მსგავსი რამ უნდა იგულისხმებოდეს. ასეთად კი ვანის ტბა ნამდვილად არ გამოდგება. ამასვე ამტკიცებს ტიგლათფილესერის წარწერები, სადაც იგი “ზემო ზღვის“ ნაცვლად ხშირად “დიდ ზღვას“ იხსენიებს, რაც აგრეთვე გამორიცხავს ვანის ტბის გაიგივებას ამ ზღვასთან. ძვ. წ. XIII–XII სს. ასურული წარწერების მიხედვით “ზემო ზღვაში” შავი ზღვის მიჩნევას დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრ.-აღმ. და აღმ. შავიზღვისპირეთის, ე. ი. ძვ. კოლხეთის ისტორიისათვის. ძვ. წ. XIII–XII სს. ასურულ წყაროებში ფიქსირებული შავიზღვისპირეთის ტომთა კავშირები კოლხეთის მოსახლეობის გაერთიანებად უნდა მივიჩნიოთ. ამ მხრივ საინტერესოა ტიგლათფილესერის კიდევ ერთი წარწერა, რ-შიც იგი თავის თავს უწოდებს “ნაირის ქვეყნების დამპყრობელს თუმედან ვიდრე დაიაენიმდე, (აგრეთვე) კილხის ქვეყნის დამპყრობელს ვიდრე დიდ ზღვამდე“, საინტერესოა, რომ ზღვისპირა ქვეყნების გაერთიანება აქ “კილხის“ ანუ კოლხის, კოლხეთის სახელით იხსენიება. ამდენად შესაძლოა ვილაპარაკოთ ძვ. წ. XII–XI სს. ასურეთის ხელისუფლებასთან კოლხური გაერთიანების ბრძოლებზე. ამ ბრძოლებში კოლხური გაერთიანება მჭიდრო კავშირში გამოდიოდა მის სამხრ-ით მდებარე ნაირის ქვეყნების გაერთიანებასთან, რ-საც სათავეში დიაუხი (დაიაენი) ედგა. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959. გ. მელიქიშვილი.