“ზუგდიდის ფაიფური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზუგდიდის ფაიფური” (სააქციო საზოგადოება), ფაიფურის ქარხანა. ამუშავდა 1975 წლის დეკემბერში ზუგდიდში (საპროექტო სიმძლავრე – 28 მლნ. ც. ფაიფურის ჭურჭელი წელიწადში). უშვებდა 75 დასახელების ფაიფურის ჭურჭელს. ნედლეულს რუსეთიდან და უკრაინიდან იღებდა. ქ-ნის პროდუქცია საბჭ. კავშირში ფაიფურის საწარმოთა შორის გამოირჩეოდა მხატვრულობის მაღალი დონითა და ეროვნ. სტილით. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტ.-ეკონ. კრიზისის გამო 1989–92 წარმოება თითქმის გაჩერდა. ტექნოლ. ციკლის გადაწყობის, ტექ. გადაიარაღების, ადგილ.ნედლეულის მოძიებისა და გამოყენების შედეგად 1993-იდან ქ-ნა არასრული დატვირთვით ამუშავდა. 1994 ფაიფურის ქ-ნის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზ-ბა “ზ. ფ.” 1998 საწარმომ აითვისა ახ. სახის პროდუქცია – ელექტროფაიფური, ხოლო 1999–2000 დაიწყო ადგილობრივი კერამ. ნედლეულისაგან თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიის კრამიტის გამოშვება. ფაიფურს აწარმოებდნენ საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი ნედლეულით: ბაჯითის ქვიშით (საჩხერის რ-ნი), ბერთაკარის ფაიფურის ქვით (ბოლნისის რ-ნი), ბენტონიტური თიხით (ოზურგეთის რ-ნი) და სხვ. ხუდონის თაბაშირის ქვისაგან ამზადებდნენ საყალიბო თაბაშირს. სულ უშვებდა 32 დასახელების ჭურჭელს. 2002-იდან საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება.