„ექსპოჯორჯია”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ექსპოჯორჯია” (Expo Georgia), გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია” (სააქციო საზოგადოება). მისი დანიშნულებაა მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, მეცნ. და ტექ. მიღწევათა და სამომავლო პერსპექტივების დემონსტრირება და რეკლამა. 1957 თბილისში გაიხსნა საქ. სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს მუდმივმოქმედი სამრეწვ. გამოფენა (ცენტრ. შესასვლელი და საერთო დაგეგმარება – არქიტ. ლ. მამალაძე), რ-იც 1960 გადაკეთდა საქ. სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენად, ხოლო 1991-იდან ეწოდა საქართველოს სამეცნ.-ტექ. და კომერც. გამოფენების ცენტრი. 1996-იდან კი მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა გამოფენების ცენტრი “ე.” მდებარეობს თბილ. ცენტრ. ნაწილში, დიდუბის რ-ნში. მისი საერთო ფართობია 139244 მ 2, მ. შ. გადახურული საგამოფენო ფართობი – 10200 მ 2, ღია საგამოფენო ფართობი – 39500 მ 2, საპარკო-სარეკრეაციო ზონა – 35000 მ 2, სუბტროპ. კულტურების ორანჟერეა – 940 მ 2, ორი დეკორ. აუზი შადრევნებით – 2920 მ 2 და სხვ. გამოფენის ტერიტორიაზე განლაგებულია და მოქმედებს სხვადასხვა სტილით აშენებული 11 საგამოფენო პავილიონი, საკონფერენციო დარბაზი სინქრონული თარგმანის აპარატურით (6 ენაზე), საწყობი (3900 მ2), შიდა ავტოსადგომი მსუბუქი მანქანებისა და ტრაილერებისათვის (9000 მ 2), კაფე-რესტორანი “ტერასა” (200-ადგილიანი), ღია საკონცერტო მოედანი და ა. შ. საგამოფენო ცენტრში შექმნილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოდერნიზებულია ძირითადი საგამოფენო ფონდები, დაინერგა მომსახურების ახ. სახეები. „ე-ის” საქმიანობის მიზანია საქართვ. და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შორის ეკონ., სამეცნ.-ტექ., სავაჭრო კავშირებისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, აგრეთვე საგამოფენო ინტერიერების, ოფისებისა და სავაჭრო დარბაზების დაპროექტება და დამონტაჟება, სარეკლამო-საინფორმაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, საგარეო-ეკონ. თანამშრომლობის ახ. ფორმების განვითარება და სხვ. 1958–2013 გამოფენების ცენტრში ჩატარდა 500-მდე რესპ. და საერთაშ. სხვადასხვა დარგობრივი თუ სპეციალიზებული გამოფენა, გამოფენა-გაყიდვა, ბაზრობა, კონგრესი, სიმპოზიუმი, კონფერენცია, ფესტივალი და სხვა ღონისძიება. საქართვ. ექსპოზიციები მოეწყო ესპანეთში, ინდოეთში, ირანში, იუგოსლავიაში, პოლონეთში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. 2005 „ე.” აირჩიეს საგამოფენო ინდუსტრიის მსოფლიო ორგანიზაციის (UFI) სრულუფლებიან წევრად გამოფენების ორგანიზატორის კატეგორიაში. თ. ვარდიშვილი.