IX. ფიზიკური კულტურა და სპორტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

IX. ფიზიკური კულტურა და სპორტი. ძვ. თ-ში გავრცელებულ სპორტ. ასპარეზობათა შორის აღსანიშნავია ჩოგანბურთი (ცხენბურთი), მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ისინდი, ყაბახი, თარჩია, მოქნევა, ჩეხვა, მკერდაობა; მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნადირობას (თ-ის დაარსების ლეგენდაც ნადირობას უკავშირდება). გავრცელებული იყო აგრეთვე მუშაითობა – აკრობატიკის თავისებური სახეობა – თოკზე სიარული, ლახტაობა – ციხესიმაგრის დაცვის ერთგვარი იმიტაცია, ლელობურთი – ახლანდ. რაგბის მსგავსი თამაში. თ-ს ჰქონდა ასპარეზი, ყაბახი დადგმული იყო ქალაქგარეთ, ბურთის სათამაშო ადგილი საბურთალოზე და დიდუბეში იყო. ჯერ კიდევ VII–VIII სს-ში თ-ში ინდოელ ვაჭრებს შემოუტანიათ ჭადრაკი, რ-იც საკმაოდ ფართოდ დანერგილა ჩვენს სინამდვილეში. ამას ადასტურებს თბილისელი ხელოსნების მიერ სპილოს ძვლისა და ხისაგან ოსტატურად გამოკვეთილი საჭადრაკო ფიგურები. საგულისხმოა ისიც, რომ ქართვ. ქალებს მზითვად `ვეფხისტყაოსანთან” ერთად ძვირფასად ნაკეთებ ჭადრაკსაც ატანდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით თში სარგებლობდა ქართ. ჭიდაობა, რიც გამოირჩეოდა ხერხებისა და ილეთების მრავალფეროვნებით და წარმოადგენდა სამხ.ფიზ. წვრთნის ერთერთ უმთავრეს კომპონენტს. ს.ს. ორბელიანის ენციკლოპედიურ ლექსიკონში („სიტყვის კონა“) განმარტებულია 800-ზე მეტი სპორტ. ტერმინი. ცნობილია, რომ XII–XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში უკვე არსებობდა ფიზ. აღზრდის კომპლექსური სისტემა, რსაც ქართვ. მეფეები და ფეოდალები სამხ. მიზნებისათვის იყენებდნენ.

ჩოგანბურთი.png

ქართ. ყოფაში დანერგილ სპორტთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ევრ. მოგზაურები და მისიონერები. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალ. მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელის (XVII ს.) მიერ შექმნილი ნახატების ციკლი, რთა შორისაა სპორტ. ჩანახატები: `ყაბახი”, `ჩოგანბურთი”, `ჩოგნით მობურთალი ქალი”, `ნიშანში სროლა”, `ნადირობა”. XIX ს. II ნახევრიდან თ-ში თანდათანობით მკვიდრდებოდა სპორტის კლასიკური სახეობები. დიდუბის ტერიტორიაზე 1840 მოეწყო იპოდრომი, სადაც, ცხენოსანთა შეჯიბრების გარდა, სხვა მასობრივი სანახაობებიც ტარდებოდა. XIX ს. 70იანი წლების ბოლოს თში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, 80იან წლებში გერმანელთა დასახლებაში – ტანმოვარჯიშეთა საზბა; 1888 ჩამოყალიბდა ველომოყვარულთა საზბა, ხოლო 1892 გაიხსნა პირველი ველოტრეკი. მოგვიანებით თში ძალზე პოპულარული გახდა საქართვ. ზღვისპირეთიდან შემოსული და დამკვიდრებული ფეხბურთი, რიც ორგანულად შეერწყა ქართ. ხასიათსა და ინტერესებს. იგივე ითქმის კალათბურთზეც. მას თ-ში, როგორც ირკვევა, 1901იდან იცნობდნენ. 1896 ვაჟთა I გიმნაზიაში ჩამოყალიბდა ტანვარჯიშის მოყვარულთა წრე, რ-ის ბაზაზეც შემდეგში შეიქმნა ტანმოვარჯიშეთა საზბა „სოკოლი“. ამ დროს თ-ში არსებობდა მოჭიდავეთა, ძალოსანთა, ფეხბურთელთა, მოფარიკავეთა, ველოსიპედისტთა და მსროლელთა წრეები. 1917 დაარსდა კიდევ ერთი ტანმოვარჯიშეთა საზბა – „ამირანი“. 1918 წ. 25 აგვისტოს, გ. ნიკოლაძისა და „სოკოლის“ ხელმძღვანელის გ. ეგნატაშვილის ინიციატივით, ორი საზ-ბა გაერთიანდა და შეიქმნა „შევარდენი“, რ-იც საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერიოდში (1918–21) ქართ. სპორტის ფლაგმანად იქცა. ამ დროს ფიზ. აღზრდა სავალდებულო საგანი გახდა თითქმის ყველა სკოლაში და, პირველ რიგში, ახალშექმნილ თსუ-ში. მომდევნო წლებშიც თ-ის სპორტ. მოძრაობას წარმართავდნენ ყოფ. „შევარდნელები“, რ-თა საზრუნავი იყო არა მარტო ტანვარჯიშის, არამედ ფეხბურთის, ფარიკაობის, ჩოგბურთის, ძალოსნობის – მთელი სპორტ. მოძრაობის წინსვლა და განვითარება. სსრკში პირველი ალპინისტური ორგანიზაცია შეიქმნა თ-ში 1924. მომდევნო წლებში ქართულმა ალპინისტურმა სკოლამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა არა მარტო კავკასიონის, არამედ პამირის, ტიანშანისა და ჰიმალაის ურთულესი მწვერვალებისა და ქედების დალაშქვრაში.

ნადირობა.png

1923იდან ყოველწლიურად ტარდებოდა რესპ. და საქალაქო პირველობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დაფუძნდა სპორტ. საზბა `დინამო”. 1925 ჩამოყალიბდა თ-ის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი (იხ. თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდი), ხოლო 1933 – თის „დინამოს“ ოსტატ კალათბურთელთა გუნდი (იხ. თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდი). 1933 დაარსდა ფიზკულტ. ტექნიკუმი, 1934 – სსრკში პირველი სპორტ. სკოლა. 1935 თსუთან შეიქმნა ფიზკულტ. ფაკტი, რ-იც 1938 დამოუკიდებელ ინტად გადაკეთდა. ამავე წელს შეიქმნა თბილისის `დინამოს” წყალბურთელთა გუნდი, ხოლო 1956 – თბილისის `ბურევესტნიკის” ხელბურთელთა გუნდი.

ქართველ ტანმოვარჯიშეთა ჯგუფი.png

თ-ის ოფიცერთა სახლის, ხოლო შემდგომ თ-ის „დინამოს“ კალათბურთელებმა არაერთხელ მოიპოვეს სსრკის ჩემპიონის წოდება; 1962 თ-ის „დინამოს“კალათბურთელთა გუნდი ევრ. ჩემპიონთა თასს დაეუფლა. თ-ის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდმა 1964 პირველად მოიპოვა საბჭ. კავშირის ჩემპიონის წოდება. 1978 კვლავ გაიმეორა ეს მიღწევა, 1981 კი ტრიუმფით განვლო ევრ. ტურნირი და თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ხელბურთში თ-ის `ბურევესტნიკი” სსრკის პირველი ჩემპიონი გახდა (1962). თანამედროვე ქართ. სპორტის ოლიმპიური მატიანე იწყება 1952იდან. პირველ ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლა თბილისელი დ. ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა); ოქროს მედლები მოიპოვეს მ. ჯუღელმა (ტანვარჯიში) და რ. ჩიმიშკიანმა (ძალოსნობა). შემდგომში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: გ. კარტოზია, მ. ცალქალამანიძე, ა. ქორიძე, რ. შავლაყაძე, ნ. ასათიანი, ვ. კაჭარავა, რ. რურუა, ვ. სანეევი (სამჯერ), ლ. თედიაშვილი (ორჯერ), ზ. საკანდელიძე, მ. ქორქია, შ. ჩოჩიშვილი, ა. ანპილოგოვი, ვ. ბლაგიძე, ქ. ლოსაბერიძე, შ. ხაბარელი, ვ. აფციაური, დ. გობეჯიშვილი, ვ. გოგოლაძე, გ. კეტაშვილი, ნ. სალუქვაძე. 1989 თ-ში შეიქმნა საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი). XXV ოლიმპიურ თამაშებზე ქართვ. სპორტსმენები გამოვიდნენ დსთის სახელით (ბარსელონა, 1992). ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: კ. კახიაშვილი, ლ. ხაბელოვი, დ. ხახალეიშვილი. XXVI ოლიმპიური თამაშებიდან საქართველო მონაწილეობს ოლიმპიადებში როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რ-ის სახელით ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: გ. ასანიძე, ზ. ზვიადაური, მ. კვირკველია, ი. ცირეკიძე, რ. მინდორაშვილი, ლ. შავდათუაშვილი. ზემოთ ხსენებულ სპორტსმენთა გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ თბილისში აღზრდილი სპორტსმენები: ა. მეკოკიშვილი, და კ. კახიაშვილი (პირველი ქართვ. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი). ოლიმპიადების პრიზიორი წლების განმავლობაში იყო სსრკის წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანი პ. მშვენიერაძე. ჩოგბურთში სსრკის მასშტაბით ლიდერობდა ა. მეტრეველი, ველოსპორტში კი – ო. ფხაკაძე. მსოფლიოს ჩემპიონატებზე სხვადასხვა დროს გამარჯვება მოპოვებული აქვს მრავალ თბილისელ სპორტსმენს. მ. შ. აღსანიშნავია ვ. ბალავაძე – პირველი ქართვ. მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო; 1957, სტამბოლი). ცალკე უნდა აღინიშნოს ქართ. საჭადრაკო სკოლის წარმატებები. ა. ებრალიძემ აღზარდა თბილისელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი ტ. პეტროსიანი. ვ. ქარსელაძემ შექმნა ქალთა ქართ. საჭადრაკო სკოლა, რის წარმატებები, უპირველესად, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების ნ.გაფრინდაშვილისა და მ. ჩიბურდანიძის სახელებს უკავშირდება. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1992-იდან მონაწილეობს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე, სადაც ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა გაიმარჯვეს, 1992, 1994, 1996, 2008 წლების გუნდურ შეჯიბრებებში.

ჭადრაკის სასახლე.jpg

XX ს. 80-იან წლებში თ-ში იყო 250-მდე დიდი და მცირე სპორტ. დარბაზი და ოთახი, 4 დახურული და 6 ღია საცურაო აუზი, 185 კალათბურთის, 192 ფრენბურთისა და 82 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი, 40 დიდი და მცირე ტირი, სასროლო სტენდი, 5 სტადიონი, სპორტის სასახლე, ველოტრეკი, იპოდრომი, მძლეოსნობის დახურული მანეჟი, ჭადრაკის სასახლე, ა. ჯაფარიძის სახ. მთამსვლელთა კლუბი და სხვ. 2000 თში მოქმედებდა 13 სტადიონი, 46 საცურაო აუზი, 3 მძლეოსნური მანეჟი, 206 სპორტ. დარბაზი, 15 სატრენაჟორო და 94 არასტანდარტული დარბაზი, 4 საჭადრაკო კლუბი, 22 საჩოგბურთო კორტი, 56 საფეხბურთო, 192 საკალათბურთო, 120 საფრენბურთო და 92 სახელბურთო მოედანი, სანიჩბოსნო ბაზა, საცხენოსნო ბაზა, იპოდრომი. მოღვაწეობდა 600ზე მეტი პედაგოგი და 800ზე მეტი მწვრთნელი. ბოლო მონაცემებით ქალაქში ფუნქციონირებდა შემდეგი სპორტ. ობიექტები: ბ. პაიჭაძის სახ. ეროვნ. სტადიონი `დინამო არენა”; მ. მესხის სახ. სტადიონი; თის სპორტის სასახლე; ნ. გაფრინდაშვილის სახ. თის ჭადრაკის სასახლე; 11 კომპლექსური სპორტ. ცენტრი; მ. კეკელიძის სახ. კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტ. ცენტრი (4 დარბაზი) და კალათბურთის სასახლე (2 დარბაზი); 7 საცურაო ცენტრი 13 საცურაო აუზით; ფეხბურთის 6 სასწ. ცენტრი 20 საფეხბურთო მოედნით; ჩოგბურთის სამი სპორტ. ცენტრი 20 კორტით; ველოტრეკი დიდ დიღომში; რაგბის 4 სპორტ. კომპლექსი 6 მოედნით; მძლეოსანთა ზამთრის მანეჟი; საქართვ. ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნ. ცენტრი – ფალავანთა კლუბი 3 სავარჯიშო დარბაზით; სამბოს, ძიუდოს სპორტ. დარბაზები და სხვ. ამ ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო საკუთრებაა. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008. ლიტ.: ანთაძე კ., ნადარეიშვილი ნ., თბილისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტების ქრონოლოგია, კრ.: თბილისი. ეკონომიკურგეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1989; ბენდიანიშვილი ა., საქალაქო თვითმმართველობა და ბრძოლა მისი დემოკრატიზაციისათვის საქართველოში (1875–1917), თბ., 1982; ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება 1801–1917 წლებში, ტ. 1–2, თბ., 1960–63; ბერიძე თ., ძველი თბილისის სურათები, თბ., 1980; გვრიტიშვილი დ., მესხია შ., თბილისის ისტორია, თბ., 1952; გრიშაშვილი ი., ლიტერატურული ნარკვევები (თბილისის ისტორიისათვის), თბ., 1957; გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX საუკუნეებში, წგ. 1–7, თბ., 1949–84; თბილისი. I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; თბილისი. ენციკლოპედია, თბ., 2002; თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; კარბელაშვილი მ., კინწურაშვილი ს., ჯანბერიძე ნ., თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958; კვირკველია თ., თბილისის ისტორიული ბირთვი, თბ., 1960; ლომთათიძე გ., თბილისის არქეოლოგიური შესწავლილობა, «ისტორიის ინტის შრომები», 1960, ტ.5; მესხია შ., გვრიტიშვილი დ., დუმბაძე მ., სურგულაძე ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958; მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002; საქართველო. ენციკლოპედია, ტ. 1–2, თბ., 1997–2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1–6, თბ., 1970–79; უკლება დ., თბილისის და მისი მიდამოების ბუნება, წგ.: თბილისი. ეკონომიკურგეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1989; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1–3, თბ., 1979–83; ჯაფარიძე ო., `განჯისკარის” 1948 წლის არქეოლოგიური გათხრის ანგარიში, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; Джаошвили В. Ш., Тбилиси. Экономикогеографический очерк, Тб., 1971; Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866; Месхиа Ш. А., города и городской строй феодальной Грузии (XVIIXVIII вв.), Тб.,1959.