თულაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა ივანეს ასული (24. II. 1874, თბილისი, – 27. V. 1956, იქვე), პიანისტი, პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1941). 1894 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი (პედ. ა. მიზანდარი). ერთხანს მეცადინეობდა თბილისში ნ. ნიკოლაევთან, ოსტატობას სრულყოფდა პარიზის კონსერვატორიაში პროფ. ლ. დიმერთან, აგრეთვე ვენაში. 1903-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამუსიკო სასწავლებელში, 1917-იდან კი – თბილ. კონსერვატორიაში (1925-იდან პროფ., პირველი ქართვ. პიანისტი ქალი – პროფესორი). ეწეოდა ინტენს. საკონცერტო მოღვაწეობასაც როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. მისი მოწაფეები იყვნენ: ვ. შიუკაშვილი რ. კერერი, თ. ამირეჯიბი ე. ექსანიშვილი გ. ქავთარაძე მ. ჩხეიძე ო. ბარამიშვილი ე. დავლიანიძე, გ. მაჭუტაძე და სხვ. ავტორია მეთოდური ხასიათის ნაშრომებისა – "ჩემი სწავლების მეთოდის შესახებ", "პედალისა და პედალიზაციის შესახებ", მონოგრაფიისა "ალოიზ მიზანდარი", მრავალი წერილისა მუს., კერძოდ, პიანისტური ხელოვნების საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.ლიტ.: დავლიანიძე ე., პროფესორი ანა თულაშვილი (მონოგრაფია), თბ., 2003. გ. ტორაძე. თულაშვილი გიორგი ლევანის ძე (1.VI. 1867 – დაახლ. 1918), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და მოსკოვის ალექსანდრეს სამხ. სასწავლებელი. 1884-იდან იყო სამხ. სამსახურში. 1894 მსახურობდა კურინის 79-ე ქვეით პოლკში, 1897–1900 – უმცრ. ოფიცრად მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში. 1900–03 იყო იმავე სასწავლებლის ადიუტანტი, 1904–14 – ალექსის სამხ. სასწავლებლის ასეულის მეთაური. 1910 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1916-იდან იყო იზმაილოვის ინვალიდთა სახლის უფროსი. დაკრძალულია მოსკოვში, გერმანელთა სასაფლაოზე. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.