თუშეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ეკუთვნის კახეთის მთიანეთს. მოიცავს თუშეთისა და პირიქითა ალაზნის ხეობებს (მდ. ანდის ყოისუს სათავეებს, ახმეტის მუნიციპალიტეტი). თ-ის ფართობი 896 კმ 2. ძირითადი მოსახლეობა – თუშები. IV ს-ში თ. გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი წარმართი მთიელების თავშესაფარი იყო. V ს-იდან აღმოსავლურ-ქართ. სახელმწ. შემადგენელი ნაწილი გახდა. VIII ს-ში თ. ღუნძეთთან და წუქეთთან ერთად ქმნიდა ერთ ადმ. ერთეულს. კახეთის ძვ. სამეფოს არსებობის დროს (VIII–XI სს.) პანკისის საერისთავოში შედიოდა, შემდგომში – კახეთის საერისთავოში. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ, XVI–XVIII სს-ში, თ-ის სამოურავო კახეთის სამეფოს ფარგლებში მოექცა. თ-ის უმაღლესი სას. ხელისუფალი ალავერდის ეპისკოპოსი იყო. XVII ს. II ნახევარში თ. წარმოადგენდა მეფე ერეკლე I-ის საყრდენს ტახტისათვის ბრძოლაში. XIX–XX სს. მიჯნაზე თ. ოთხ ტერიტორიულ თემად – საზოგადოებად იყოფოდა: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითა. XIX ს. დამდეგიდან დაიწყო თუშების ჩასახლების პროცესი კახეთში, ალვანის ველზე, სადაც უძველესი დროიდან მათი საზამთრო საძოვრები იყო.ლიტ.: ბოჭორიძე გ., თუშეთი, თბ., 1993; თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; კანდელაკი მ., მეკოდეობის ტრადიცია თუშეთში, თბ., 1995; მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933; ცოცანიძე გ., გიორგობიდან გიორგობამდე: ეთნოგრაფიული ექსკურსები თუშეთის ახლო წარსულში, თბ., 1990. დ. მუსხელიშვილი.