თხილის წარმოება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვების მრეწველობის ერთ-ერთი დარგი. თხილს კაკლოვან კულტურებს შორის სამეურნეო მნიშვნელობით ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. თხილის გულის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი, მათ მაღალ კვებით ღირებულებას განაპირობებს ნაყოფში ცხიმების (60–70%), ცილების (15–16%), შაქრებისა და ვიტამინების (B1 B 2 B 6 C, E) მაღალი შემცველობა. კალორიულობით თხილის გული ხორბალს აჭარბებს 2–3-ჯერ, ხორცს – 3–4-ჯერ, რძეს – 8–9-ჯერ, კარტოფილს – 11,8-ჯერ. თხილის ნაყოფი მოიხმარება როგორც ნედლი და მოხალული, ასევე გადამუშავებული სახითაც. 400 გ თხილის მიღება უზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის დღე-ღამური კალორიების მოთხოვნილებას საკვებზე.თხილი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, განსაკუთრებით – საკონდიტრო წარმოებაში (კანფეტების, შოკოლადების, ჰალვის, გოზინაყის, ჩურჩხელისა და სხვ. დასამზადებლად). თავისი გემური და მაღალკალორიული მახასიათებლებით მეტად ფასეულია თხილის ზეთი, რ-საც იყენებენ კვების მრეწველობაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში, ფერწერასა და ლაქ-საღებავების წარმოებაში. თხილის მერქანი საუკეთესო მასალაა ავეჯის დასამზადებლად, ახალგაზრდა მერქნისგან წნავენ კალათებს, აკეთებენ ღობეებს, კასრის სალტეებს. ქერქი, ფოთლები, ნაყოფის საბურველი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით და გამოიყენება ტყავის დასამუშავებლად. თხილის ნაჭუჭისაგან ამზადებენ ეკოლოგიურად სუფთა ბრიკეტებს, რ-საც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შეშას ენერგეტ. თვალსაზრისით, ფასით კი – ქვანახშირსა და გაზს. მისი ნაყოფი მაღალი შენახვისუნარიანობით და ტრანსპორტაბელურობით გამოირჩევა.მსოფლიოში თხილის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია: თურქეთი, იტალია, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი, აშშ, ირანი, ჩინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი. ამათგან ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და შესაბამისად ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია. მის წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული თხილის 70%, ხოლო ექსპორტირებულის – 80%. მეორე ადგილზეა იტალია, რ-იც აწარმოებს თხილის მსოფლიო წარმოების 16% და ახორციელებს ექსპორტის 12%. უმსხილესი თხილის იმპორტიორი ქვეყანაა გერმანია, მისი წილი მსოფლიო იმპორტში დაახლოებით 36%-ია. საყურადღებოა, რომ თხილის მსოფლიო იმპორტის 75% ევროპის სახელმწიფოებზე მოდის. თხილის გამოყენება კვების მრეწველობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალია შვეიცარიაში, სადაც წლიურად მოსახლეობის ერთ სულზე 2,096 კგ თხილი მოიხმარება. მას შემდეგი თანმიმდევრობით მიჰყვება ავსტრია, ბელგია, გერმანია და ლუქსემბურგი; ხოლო თხილის მწარმოებელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მოხმარებით მოსახლეობის ერთ სულზე გამოირჩევა იტალია (0,52 კგ), საბერძნეთი (0,37 კგ) და თურქეთი (0,25 კგ).საქართველოში თხილის წარმოებას მეტ-ნაკლებად სერიოზული ეკონ. მნიშვნელობა ჰქონდა და მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო XX ს. 20-იან წლებამდე. ქვეყნიდან დიდი რაოდენობის თხილი გადიოდა, თუმცა საბჭ. პერიოდში თხილის პლანტაციის ფართობი 8–10-ჯერ შემცირდა (იმ პერიოდში ჩაის, ციტრუსების, დაფნისა და ტუნგის კულტურების უპირატესი განვითარების გამო, რ-თა პროდუქციაზე საკავშ. ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო), შესაბამისად შემცირდა თხილის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობები. ეკონ. ეს დარგი ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა.თხილის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის განსაკუთრებით პოპულარული XX ს. ბოლო ათწლეულში გახდა. ამას ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფორმირებამ და ლიბერალიზაციამ, მხოლო, მეორე მხრივ, ადგილ. თხილის მიმართ მსოფლიო ბაზრის ინტერესის ზრდამ და კლიმატურ-ნიადაგურმა პირობებმა, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილის წარმოებას. საქართველოში თხილის კულტურა სამრეწვ. მნიშვნელობით გავრცელებულია სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში, სადაც ნარგაობა წარმოდგენილია ფერმერულ და ოჯახურ მეურნეობებში როგორც მცირე ფართობებზე, ასევე ფართო მასივების სახით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2015 წლისათვის საქართველო მსოფლიოში თ-ის წ-ის მხრივ მესამე ადგილზეა თურქეთისა და იტალიის შემდეგ, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლებით კი მეორე ადგილზე დგას. 2015 წლისათვის ქვეყანაში წარმოებულ იქნა 35,3 ათ. ტ თხილი, ხოლო 2016 წ. – 29,5 ათ. ტ საიდანაც ექსპორტზე გავიდა შესაბამისად 19,4 და 27,1 ათ. ტ.ამჟამად საქართველოზე მოდის მსოფლიოში წარმოებული თხილის 2%, ხოლო ექსპორტირებულის – 3%-მდე. ცხადია, ამ მონაცემებით საქართველო თხილის მსოფლიო ბაზარზე სერიოზულ კონკურენტად არ იქნებოდა აღიარებული, რომ არა ქართ. თხილის განსაკუთრებული გემური და ხარისხობრივი მახასიათებლები. ქართ. თხილი წარმატებით ექსპორტირდება ევრ. და აზიის მრავალ ქვეყანაში. აზიის ქვეყნებში (ერაყი, ავღანეთი, ირანი და ჩინეთი) ძირითადად ნაჭუჭიანი თხილი გადის, ხოლო დარჩეული და დაკალიბრებული თხილის ძირითადი ბაზარი ევროპაა, საიდანაც ყველაზე დიდი მოთხოვნა გერმანიაზე მოდის. ქვეყანაში წარმოებული თხილის დაახლოებით 5% ადგილ. ბაზარზე იყიდება, რ-ის მნიშვნელოვან ნაწილს იყენებენ საკონდიტრო საწარმოები.2016 წ. საქართველოდან სულ ექსპორტზე გავიდა 179,5 მლნ. დოლარის ღირებულების თხილი, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 8%-ია. ექსპორტის ზრდა განაპირობა ქართ. თხილის მიმართ მსოფლიო ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ, გარდა ამისა, ბოლო წლებში მისი პლანტაციების ინტენსიურად გაშენებამ როგორც ადგილ., ასევე უცხ. კომპანიების მიერ და შესაბამისად მოსავლის ზრდამ. ბოლო პერიოდში დას. საქართველოს რამდენიმე რ-ნში ინტენსიურად დაიწყო ბიოთხილის წარმოების პროცესი (აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება ბიოწარმოების კანონის შესაბამისად). ბიოსერთიფიკატის მქონე თხილი ბაზარზე უფრო მაღალი მოთხოვნით და ფასით გამოირჩევა. თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი სამრეწვ. გადამუშავებისთვისაა გათვალისწინებული.საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის გადამუშავება ხდება საქართველოს ქ-ნებში. ამჟამად ქვეყანაში 150-ზე მეტი სხვადასხვა იურიდ. ტიპის საწარმო ფუნქციონირებს, მ. შ. ზუგდიდში – 32 დიდი და 70 პატარა ქ-ნა, სენაკში – 14, ოზურგეთში – 8, ქუთაისში – 5, სამტრედიაში – 4, ზესტაფონში – 3, თბილისში – 5. საქართველოში თხილის ბაზრის სტრუქტურა, ძირითადად სამი რგოლისგან შედგება: თხილის მწარმოებლები (ფერმერები); თხილის გადამმუშავებელი ქ-ნები და სადისტრიბუციო კომპანიები, რ-ებიც შუამავლის როლს ასრულებენ გადამმუშავებელ ქ-ნებსა და ფერმერებს შორის, აგრეთვე გადამმუშავებელ ქ-ნებსა და თხილის საექსპორტო ბაზრებს შორის. ყველა რეგიონში ფუნქციონირებს თხილის შემსყიდველი პუნქტები. თხილზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება, რაც დიდ სტიმულს აძლევს თხილის მწარმოებლებს. მისი ამჟამინდელი საშ. ფასი საერთაშ. ბაზარზე 8–9 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ეს ფასი მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც თხილის წარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს ქმნის.ლიტ.: ბაღდაძე ა., თხილის წარმოების მნიშვნელობა საქართველოში, ჟურნ. «პროაგრო» 2013, #1; ლასარეიშვილი ლ., თხილის კულტურის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, თბ., 1995; მიროტაძე ნ., მიროტაძე გ. და სხვ., თხილი, თბ., 2016. ა. ბაღდაძე.