ზაქარია ბანელი, მამამთავარი, ვალაშკერტელი, სვინგელოზი (X ს. II ნახ. – XI ს. 30-იანი წლები), შუა საუკუნეების საქართველოს, კერძოდ, ტაოს სამეფოს სასულიერო, კულტურის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე. ე. მეტრეველის ვარაუდით, ზ. ბ-ის მშობლები ქართვ. არისტოკრატთა მაღალ წრეს, დაფანჩულთა ცნობილ ფეოდ. გვარს ეკუთვნოდნენ და დავით კურაპალატთან დაახლოებული პირები იყვნენ. ზ. ბ. ავტობიოგრაფიულ ანდერძში დავით კურაპალატს თავის „მზრდელსა და შემოქმედს” უწოდებს. X ს. უკანასკნელ მეოთხედში ის მორჩილად მიუყვანიათ ოთხთა ეკლესიაში, სადაც არსენ მამამთავარს დამოწაფებია. ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ტაოში, სადაც უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ეპარქიის – ბანის მამამთავრობას მიაღწია. ერთხანს ის ბიზანტ. სამეფო კარზე დიპლომატად, მწიგნობრად და იმპერატორთან დაახლოებულ პირადაც მოჩანს. ბანელობის დროს ზაქარიამ ბიზანტ. იმპერატორისაგან უმაღლესი სას. პატივი – სვინგელოზობა დაიმსახურა. XI ს. 20-იანი წლებისთვის ბანელობასთან ერთად ვალაშკერტის სამწყსოს ეპისკოპოსობაც შეითავსა, რასაც განსაზღვრული პოლიტ. მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ტაოს, ისე მეზობელი რეგიონებისთვისაც. წერილობითი წყაროების თანახმად, ზ. ბ. ტაოს პოლიტ. ცხოვრების ასპარეზზე 1022 გამოჩნდა, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ბასიანში დაბანაკებულ ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-სა და გიორგი I-ს შორის. იმპერატორის ნდობით აღჭურვილმა ეპისკოპოსმა ორჯერ შეაჩერებინა ბასილის ტაოზე გალაშქრება. იგი ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ გიორგი I ვერ დაიყოლია ბასილის მოთხოვნათა შესრულებაზე. ზ. ბ-ის შუამავლობის მარცხმა საბოლოოდ გაამჟღავნა იმპერატორისადმი მისი ერთგულების მოჩვენებითი ხასიათი. განრისხებულმა ბასილი II-მ ზ. ბ. ტაოდან გააძევა და კონსტანტინოპოლში გადაასახლა, სადაც მცირე ზომის აგიაპანტის მონასტერი მიუჩინა მუდმივ სამკვიდრებლად. ამ დროიდან ზ. ბ. აქტიურად ერთვება ათონის ივერთა მონასტრის დიდ ქართვ. მოღვაწეთა კულტ. საქმიანობაში, გიორგი მთაწმიდელთან ერთად შეუდგა ექთვიმე მთაწმიდლის თარგმანთა გამრავლებასა და მისი პიროვნების პოპულარიზაციას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ათონზე ბერძნებთან გამწვავებული ურთიერთობისა და ბრძოლის პირობებში ქართველთა უფლებების დასაცავად. XI ს. 30-იან წლებში ზ. ბ-ის ბრძანებითა და მატერ. შემწეობით არაერთი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა კონსტანტინოპოლში, თავისსავე დაარსებულ მონასტერში. ბერძნ. ენაზე დაწერილ ერთ ლექსში ზ. ბ. თავის თავს ივერიელ (ე. ი. ქართველ) ბერს უწოდებს, რასაც ზედმიწევნით ამართლებდა მთელი მისი მოღვაწეობა.
წყარო: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974.
ლიტ.: მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996.
გ. მაისურაძე