ზაქარწმინდა, ისტორიული სოფელი მესხეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, ზ. ჩრდილის (ჩილდირის) ლივის ჯანბაზის ნაჰიეში, პალაკაციოს ტბის ჩრდ.-დას. სანაპიროზე მდებარეობდა და სოფ. აღჯაყალის (ქართ. „თეთრი ციხე”) შემდეგ მე-18 სოფლად არის აღწერილი. ზ-ს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. სოფელში ცხოვრობდა 7 კომლი: შაქარა, მანველი, ივანე, ზაქარა, გიორგი, ვათენა და გოგიჩა. სოფლის მცხოვრებთ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელი. მისდევდნენ მეფუტკრეობას, მებოსტნეობას. მოშენებული ჰყავდათ ღორები და ცხვრები.
წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941.
ზ. ცინცაძე