გრიგორასი (Grēgoras) ნიკიფორე (1290 ან 91 – 1360), ბიზანტიელი ისტორიკოსი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე.
მისი ძირითადი თხზულება „რომაული ისტორია" მოიცავს 1204–1359 ამბებს. საქართვ. ისტორიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები ტრაპიზონის მეფეების: ალექსი I-ის (1204–22), იოანე II-ისა (1280–98) და ბასილ I (1333–40) კომნენოსების მეფობის, მათ დროს ტრაპიზონში სხვადასხვა პოლიტ. დაჯგუფებათა არსებობისა და ბიზანტიასთან ურთიერთობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გ. ტრაპიზონის მეფეებს „კოლხების ქვეყნის მფლობელად", „კოლხთა და ლაზთა ქვეყნის მფლობელად" ან უბრალოდ „ლაზად" მოიხსენიებს. ეს ფაქტი კი ტრაპიზონის სამეფოს ეთნ. და ეთნოპოლიტ. ვითარების გარკვევისთვისაა დიდად მნიშვნელოვანი.
აღსანიშნავია აგრეთვე გ-ის ცნობები ტრაპიზონის მეფეთა დინასტიურ ქორწინებების, აბაზგებისა და საქართველოში თათარ-ხვარაზმელთა შემოსევის შესახებ.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
ნ. ლომოური