ზედა ლუხვანო, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ლუხვანოს თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), ცაგერის ქვაბულის დას. ფერდობზე, მდ. ნამკაშურის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 900 მ, ცაგერიდან 7 კმ. 138 მცხ. (2002). ზ. ლ. მთის სოფელია გაფანტული მოსახლეობით. აქ მრავალი ცალკე მდგომი გალავნიანი კოშკია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ლეჩხუმის „მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არა არს მოსახლე, რომელსა არა ედგას კოშკი ქვითკირისა და შენობანი ყოველნივე ქვითკირისანი”. ისინი ერთმანეთისგან მოშორებით დგანან და ალბათ აქაურ აზნაურთა საგვარეულო საცხოვრებლებს წარმოადგენდნენ. ყოველ მათგანს შერჩენილი აქვს საკუთარი სახელი, რ-ებიც უბნების, ხოლო ზოგჯერ მფლობელთა საგვარეულოსაც გამოხატავს – შტურო, ლესარო, თაკვერელიანი. ეს უკანასკნელი გვარი დღეს აღარ ჩანს, მაგრამ ქვემო სვანეთის ჩოლურის თემში დაცულ XVI ს. ჯვრის წარწერაში მოხსენიებულია დევნა თაკვერელიანი. შტურო სოფლის ჩრდ.-დას-ით მაღალ ბორცვზეა. დღეისათვის შემორჩენილია კოშკის, სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიისა და ტერასულად განლაგებული ორმაგი ზღუდის ნაშთი, რაც ამ ადგილზე შუა საუკუნეებში ძლიერად გამაგრებული ნასახლარის არსებობაზე მიგვანიშნებს. ლესარო სოფლის აღმ-ით განაპირა ბორცვზე დგას. მისგან გადარჩენილია დამუშავებული ქვის რეგულ. წყობით ნაგები ოთხკუთხა კოშკისა და კედელ-გალავნის ფრაგმენტები თარიღდება ადრინდ. ფეოდ. ხანით. უფრო გვიანდ. ხანისაა ლესაროს ციხის დას-ით, მდ. ნამჭარაშულის ხევს დაღმა, მარცხ. კბოდეზე განლაგებული კოშკისა და საცხოვრ. ნაგებობის ნაშთი და სალეთოდიანოს ორი ციხე. მდ. ნამკაშურის აყოლებით მიდის გზა ტყემლავაკეზე, რ-იც შემდეგ ახალჭალის გავლით მარტვილის მუნიციპალიტეტში გადადის. ლაბრაზის გადასასვლელით კი გზა ლენტეხის მთებისკენ მიემართება. იხ. აგრეთვე სტ. ლუხვანო.
ლიტ.: ლეჩხუმი, თბ., 1983.