გრიჩი სერობ

გრიჩი სერობ (1770–1836), სომეხი ავტორი, პირადად შეესწრო აღამაჰმად-ხანის თავდასხმას თბილისზე (1795) და თვითმხილველის შთაბეჭდილებით გადმოგვცა საქართვ. დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედია. მისი სიტყვებით, „ამ ბრძოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა. ხმლისა და ფარის შეჯახების ქუხილი მთებს გადასწვდა, ხმლის ჟღრიალმა იქაურობა გააყრუა, არ წყდებოდა ქვემეხთა გუგუნი, რომელიც ისართა შხუილს ახშობდა..." და სხვ. ავტორის მიხედვით, მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. სპარსელები შეიჭრნენ ქალაქში, „აივსნენ ძვირფასი თვლებითა და თვალმარგალიტით"... მოსახლეობის ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს. ქრისტიანებზე მეტად თავისივე სარწმუნოებისანი ტანჯეს. კავკასიის მთებში გაქცეულ ლტოლვილებს, ვინც განსაცდელს გადაურჩა, გზაში ავაზაკები წამოეწივნენ და გაძარცვეს. სპარსელთა საჭურისი ხანი ექვსი დღის შემდეგ გაეცალა ქალაქს.

ლიტ.: ჭ უ ბ ა ბ რ ი ა  რ., ს. გრიჩის „აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წლის 11 სექტემბერს დედაქალაქ თბილისის გადაწვის მოკლე ისტორია", «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1991, №3.

გ. მაისურაძე