ზეკარი, ბალნეოკლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 650 მ სიმაღლეზე, მდ. ხანისწყლის (რიონის შენაკადი) ხეობაში, ბაღდათიდან 35 კმ. კურორტის ტერიტ. ფოთლოვანი (მუხა, წიფელი) და წიწვოვანი ტყით არის დაფარული. კლიმ. თავისებურებას განაპირობებს კოლხეთის დაბლობის სიახლოვე და შავი ზღვიდან მომავალი თბილი, ტენიანი ჰაერის მასების ზემოქმედება. ზამთარი რბილია და თითქმის უთოვლო (იანვ. საშ. ტემპ-რა –1°C), ზაფხული – თბილი და ზომიერად ნოტიო (აგვ. საშ. ტემპ-რა 21ºC), ნალექების წლიური ჯამი 1300 მმ-ია. კურორტის ძირითადი ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია სუსტად სულფიდური ჰიდროკარბონატული ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერ. წყალი (ტემპ-რა 36ºC), მინერალიზაცია – 1,5 გ/ლ; წყაროების ჯამური დებიტი – 400 ათ. ლ/დღ-ღ. წყალს იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.