ზემო ახალდაბა

ზემო ახალდაბა, ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, გორთან ახლოს. იხსენიება 1559 ქართლის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის სიგელში. ქართლის მეფემ სვეტიცხოველს სხვა მამულებთან ერთად განუახლა და გაათარხნა: „გორს რაცა ძუელითგან მცხეთის შეწირულნი ვაჭარნი და გლეხნი არიან, მათითა სახლკარითა, ქულბაკითა და მამულითა, გორისპირსა ზემო ახალდაბა და ფალავანდიშვილისაგან შემოწირული თვრამეტი მთელი მამული მისითა სამართლიანითა მზღურითა”. გვიანდ. შუა საუკუნეებში ზ. ა. შედიოდა ქართლის IV და III სადროშოში. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ზ. ა. ქართლის სოფლების სიაში შეტანილი არა აქვს. არ იხსენიებს მას იოანე ბატონიშვილიც. როგორც ჩანს ეს სოფელი ამ ავტორების დროს აღარ არსებობდა, თუმცა მათთან ამ ადგილას მოხსენიებული ახალდაბა შესაძლოა მისი ნაშთი ან მეზობელი სოფელი იყოს.

წყარო: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ზ. ცინცაძე