ვაგზალი

ვაგზალი (ინგლ. Vauxhall), სახელწოდება ლონდონში არსებული პარკისა და გასართობი ადგილისა, რ-იც XVII ს-ში ჯეინ ვოქსს ეკუთვნოდა. რუს. ენაში ეს სიტყვა განზოგადდა პეტერბურგის მახლობლად ქ. პავლოვსკში ერთ-ერთი პირველი ვ-ის აშენების შემდეგ. იგი სამგზავრო შენობაც იყო და საკონცერტო დარბაზიც. თანამედროვე ვ. არის შენობა ან შენობების, ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რ-ის დანიშნულებაა მგზავრთა მომსახურება, ტრანსპორტის მიმოსვლის მოწესრიგება და მომსახურე პერსონალის განთავსება. ვ-ის ზოგ შენობაში სატვირთო და საფოსტო ოპერაციებიც მიმდინარეობს. ვ-ებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ გამოყენებული ტრანსპორტის სახეობის (აეროვაგზალი, ავტოვაგზალი, რკინიგზის ვაგზალი, საზღვაო ვაგზალი, სამდინარო ვ.), მაგისტრალზე მდებარეობის (ბოლო, საკვანძო, შუალედური, სატრანზიტო), დანიშნულების ადგილის (შორი, ადგილ., საგარეუბნო, საერთაშ.), მგზავრთა სიჭარბის და სხვათა მიხედვით. პირველი ვ. გაჩნდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მგზავრთა გადაყვანა რკინიგზით (ინგლისი, სტოქტონ-დარლინგტონის ხაზი, 1822–25). XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში ვ. თავისი მოცულობითა და ფორმით ქალაქის თვალსაჩინო შენობად იქცა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ-ის პირველი ნაგებობები აშენდა ფოთი–თბილისის რკინიგზის (1865–72) გახსნის შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვ-ის შენობა თბილისში (იხ. თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი).