ზემო ბოლნისი, ძვ. ნასოფლარი, მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) ხეობაში, ბოლნისის სიონის ზემოთ. საცხოვრ. შენობათა ნანგრევებს შორის, ერთმანეთისგან 2–3 კმ დაშორებით, დგას 2 პატარა ერთნავიანი ეკლესია. ერთი მათგანი ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით. აქვს ორი შესასვლელი – დას-იდან და სამხრ-იდან. დას. შესასვლელის თავზე ჩასმულ ღია მწვანე ფერის ქვაზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ ბოლნელმა ეპისკოპოსმა იოსებ რევიშვილმა 1651 ააშენა ეკლესია ყიზილბაშთაგან განადგურებულ სოფ. ზ. ბ-ში. წარწერაში მოხსენიებულია კიდევ ორი განადგურებული სოფელი – ახოთი და თალია. მეორე ეკლესია უფრო პატარა და უხეშად ნაწყობია. მის დას. ფასადში ჩართულია მოჩუქურთმებული ქვები.
ლიტ.: Чубинашвили Г. Н., К вопросу о местонахождении трех Болниси, წგ.: Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970.