ზემო ბროლოსანი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის თემში (შიდა ქართლის მხარე), ლიხის ქედის აღმ. მთისწინეთში, მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 900 მ, ხაშურიდან 28 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 17 კმ. 126 მცხ. (2002). სოფლის სამხრ-ით, 500 მ დაშორებით სასაფლაოზე დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ძეგლი გადაკეთებულია. აქვე, დაახლ. 50 მ-ზე, 1915 აგებული მეორე ერთნავიანი ეკლესია დგას.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.