ზემო ლემსის ნამოსახლარი, ნეოლითური ხანის არქეოლ. ძეგლი. მდებარეობს სოფ. წებელდიდან (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) 5 კმ-ზე, მთა ფარცხის სამხრ. ფერდზე. აღმოაჩინეს 1967 (ი. ვორონოვი). არქეოლ. გათხრების დროს გამოვლინდა 4 კულტ. ფენა. ზედა 3 ფენა შუა საუკუნეების მასალას შეიცავდა. ქვედა ფენაში ძირითადად ქვის იარაღი აღმოჩნდა (ნუკლეუსები, სხვადასხვა სახის ლამელები, საფხეკები, საჭრისები, სეგმენტები, სწორკუთხედები, დაკბილული იარაღი). იარაღებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეოლითური ხანისათვის დამახასიათებელი ვიწრო და მაღალი ფორმის ტრაპეციები. მასალა ინახება სოხუმის მუზეუმში.
ლიტ.: Воронов Ю. Н., Памятники каменного века Военно-Сухумской дороги, Тб., 1984.
ლ. წერეთელი