ზემო მაღარო

ზემო მაღარო, სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაღაროს თემში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-აღმ. დაბოლოებაზე. ზ. დ. 950 მ, სიღნაღიდან 7 კმ, ქვემო მაღაროდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 224 მცხ. (2002). ზ. მ-ში დაიბადა ს. დოდაშვილი. ზ. მ. მდებარეობს ისტ. ქიზიყში. პ. იოსელიანის ცნობით აქ იყო ერეკლე I-ის ძის, მეფე დავით იმამ ყული-ხანის, საზაფხულო სასახლე (არსებობდა 1705-მდე). სოფლის მახლობლადაა მაღარო–სიღნაღის უღელტეხილი. მისი თხემის ცენტრ. ნაწილში, სოფლის სამხრ. განაპირას, არის ე. წ. ზღუდრის გორაკი, რ-ის სამხრ. და დას. კალთებზე ნამოსახლარებია, ხოლო აღმ. მხარეს, სადაც უღელტეხილი თხემს ებმის, ზღუდრის ნაშთია. სხვა შესწავლილი „ზღუდერების” მიხედვით, ამ ძეგლის დათარიღება ძვ. და ახ. წელთაღრიცხვის მიჯნით შეიძლება (ლ. ჭილაშვილი). ზღუდრის გორაკის თავზე დგას გვიანდ. ხანის ერთნავიანი ეკლესია – „ზღუდრის” წმ. გიორგი, თხემის ჩრდ. დაქანებაზე შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობა მდგარა (დაუშლიათ 1930 საშენ მასალად), ხოლო ბოდბისხევის გადასახედში – სათავდაცვო კოშკი. ამას მოწმობს ტოპონიმი „ციხითვეანი”. ეს სახელი დღესაც ჰქვია სოფლის ერთ-ერთ უბანს.

ლიტ.: შაიშმელაშვილი ი., კამბეჩოვანი, ხორნაბუჯი, ქიზიყი, «ძეგლის მეგობარი», 1969, №17.

თ. ტატიშვილი

ი. შაიშმელაშვილი