ზემო ნაქალაქარი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ერწოს ქვაბულის სამხრ.-აღმ. კიდეში. ზ. დ. 1100 მ, თიანეთიდან 38 კმ. 250 მცხ. (2002).
ზ. ნ-ში დაიბადა პოეტი მ. გელოვანი. სოფლის ტერიტ. უძველესი დროიდან წარმოადგენდა ადამიანთა სამოსახლოს. იგი ერწოს ქვაბულში ქვემო ნაქალაქარს, ბეწენწურებსა და სხვა დასახლებებთან ერთად გარკვეულ სამეურნეო, საზ. და კულტ. მთლიანობას ქმნიდა. სოფლის სამხრ.-დას. ნაწილს თელთუბანს უწოდებენ. მკვლევრები მას ტოპონიმ თხილნარასთან აიგივებენ. ორივე ეს ტოპონიმი გვხვდება XVI–XVIII სს. საისტ. წყაროებში. ბევრი ზ. ნ-ს სწორედ თელთუბანთან აიგივებს. საისტ. საბუთებში თხილნარა-თელთუბნის მოხსენიება დასახლების სიძველეზე მიგვანიშნებს. ზ. ნ., ერწოს სხვა სოფელთა მსგავსად, თავდაპირველად მონღოლთა მარბიელ ლაშქრობებს, ხოლო შემდეგ შაჰ-აბასის შემოსევებს უნდა გაენადგურებინა. ზ. ნ-ის ტერიტორიაზე განფენილი ძვ. დასახლება XI–XVI სს-ში ერწოს სხვა დასახლებებთან ერთად ძირითადად სვეტიცხოვლის მონასტრის კუთვნილება იყო, ხოლო მომდევნო საუკუნეებში – კახეთის მეფეთა სახასო საკუთრება. გვიანდ. შუა საუკუნეებში სამხ.-ტერიტ. დაყოფით ეს ტერიტ. კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ ზ. ნ. თიანეთის მაზრის შემადგენლობაშია. სოფლის სამხრ.-დას. ნაწილში, ე. წ. თელთუბანში, შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესიის დას. კედელი. გარშემოვლებულია გალავნით. აქვეა ნასოფლარი. ზ. ნ-ის ორ უბანს – მთიულთხევსა და თელთუბანს შორის მდებარეობს კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიის – საყდარგორის ნანგრევები. აღმ. ფასადის ზედა ნაწილში ჩასმულ შირიმის ფილაზე ამოკვეთილია ჯვარი. ეკლესიას შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი. ეზოში აკლდამებია. ერთ-ერთ ოთხკუთხა მოყვანილობის აკლდამას შეისრული თაღი აქვს. შესასვლელი დას. მხრიდან ჰქონდა, კედლები ამოყვანილი იყო კლდის ქვებითა და დუღაბის ხსნარით. ესვენა რამდენიმე მიცვალებული. ინვენტარი არ აღმოჩნდა. შესაძლოა გვიანდ. შუა საუკუნეებისა იყოს. ეკლესიასთან ახლოს ნასოფლარის ნაშთია.
წყარო: იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თბ., 1986; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965 (ყდაზე: 1966).
ლიტ.: ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონიმია, თბ., 1980; რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, №1; ჯორბენაძე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, ტ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.
კ. კახაძე
რ. რამიშვილი
ბ. ჯორბენაძე