გრუზინსკი-ბაგრატიონი პეტრე პეტრეს ძე

პ. გრუზინსკი-ბაგრატიონი 

გრუზინსკი-ბაგრატიონი პეტრე პეტრეს ძე (28. III. 1920, თბილისი, – 13. VIII. 1984, იქვე), პოეტი და დრამატურგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). ბაგრატიონთა სამეფო გვარის პირდაპირი შთამომავალი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1933-იდან. თავდაპირველად წერდა თამარაშვილის ფსევდონიმით. ანტისაბჭოთა ლექსებისათვის 1945 დააპატიმრეს.

მისმა ლირ. ლექსებმა არაერთი კომპოზიტორის ყურადღება მიიპყრო. იგი თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან: ა. ბალანჩივაძესთან, ო. თაქთაქიშვილთან, რ. ლაღიძესთან, ბ. კვერნაძესთან, ო. თევდორაძესთან, ს. ცინცაძესთან და სხვ. მის ლექსებზე შესანიშნავი სიმღერები შეიქმნა, რ-თა შორის აღსანიშნავია რ. ლაღიძის „გვიხმობს სამშობლო", „სიმღერა თბილისზე" (დაიწერა თბილისის 1500 წლისთავისათვის), გ. ცაბაძის „ჰიმნი სიყვარულს", „მიმღერე რამე", „სადაც გინდა, იქ ილოცე", ბ. კვერნაძის „გაზაფხულდა", ო. თევდორაძის „ობელისკები" და სხვ.

მისი ლექსები აჟღერდა აგრეთვე ქართ. ფილმებში: „კეთილი ადამიანები", „ბაში-აჩუკი", „დღე პირველი, დღე უკანასკნელი", „აბეზარა", „მხიარული რომანი", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", „მიმინო", „განგაში" და სხვ.

გ.- ბ-ის სცენარებზე შეიქმნა ქართ. ფილმები: „შეხვედრა მთაში", „საქართველოს რიტმები" და „საჩუქარი". იგი არაერთი მუს. კომედიის ლიბრეტოს ავტორია, რ-თაგან აღსანიშნავია „შურისმაძიებელი", „საყვარელი დისშვილი" და სხვ., აგრეთვე დრამ. ნაწარმოებებისა („სასჯელის შიშით", „შემთხვევა ზღვაში", „ბრალდებული") და საოპერო ლიბრეტოებისა.

დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.