ზემო ქართლი, მხარე საქართველოში: 1. ასე ეწოდებოდა XVI ს-მდე საქართველოს სამხრ.-დას. ნაწილს – მტკვრის ზემოთს ტაშისკარიდან მდ. მტკვრის სათავემდე და ჭოროხის აუზის ზემოწელს. ეს ტერმინი წყაროში პირველად XII ს-ში იხსენიება, მაგრამ გაცილებით ადრინდელი უნდა იყოს. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ზ. ქ. ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის, ქართლოსის უფროსი ძმის, მცხეთოსის შვილების – ოძრხოსის და ჯავახოსის (იხ. სტ. ქართველთა ეთნარქები) წილხდომილი მხარეა. იგი მესხების და ჯავახების თავდაპირველი განსახლების ტერიტორიაა. ანტ. წყაროების მიხედვით (სტრაბონი), ამ ტერიტორიას „მოსხიკე” (ქართ.: მესხეთი) ეწოდება: ზ. ქ-ში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი და კოლა – მტკვრის ზემოწელზე; კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი – ჭოროხის ზემოწელზე. VIII–IX სს-ში ზ. ქ-ის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქართვ. ბაგრატიონთა საკურაპალატო (IX ს. დასასრულიდან – სამეფო). XII–XIII სს-ში ამ მხარის ფეოდ. მფლობელები იყვნენ თორელები, ჯაყელები, ფანასკერტელები. XV ს. II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით ზ. ქ. დამოუკიდებელ სამთავროდ (იხ. სამცხე-საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რ-ის ცენტრიც ახალციხე იყო. XVI ს-ში ეს ტერიტ. თანდათან ოსმალეთმა დაიპყრო და აქ თავისი ადმ. ერთეული – ახალციხის (ჩილდირის) საფაშო შექმნა. 2. XVI ს-იდან ასე ეწოდებოდა ძვ. შიდა ქართლის ტერიტორიას, უფრო მის ჩრდ.-დას. ნაწილს. ვახუშტის მიხედვით XVIII ს-ში ზ. ქ. შეადგენდა მეორე სასპასპეტოს, რ-ის ცენტრი გორი იყო.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
დ. მუსხელიშვილი