ენერგეტიკული უსაფრთხოება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, გულისხმობს ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მუდმივ, გარანტირებულ და ეკონომიკურად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის ენერგეტ. რესურსით. ე. უ-ის სფეროში ქვეყნის პოლიტიკის მთავარი მიზანია მისი ძირითადი პარამეტრების თვისებრივად ახალი დონეების ეტაპობრივი მიღწევა. ეს პარამეტრებია: სათბობ-ენერგეტ. კომპლექსის უნარი, შესაბამისი ხარისხითა და ეკონომიკურად გამართლებული ფასებით დააკმაყოფილოს ენერგიაშემცველებზე მოთხოვნილება; ეკონომიკის უნარი, ეფექტიანად გამოიყენოს საკუთარი და იმპორტ. ენერგორესურსები, თავიდან აიცილოს არარაციონალური ხარჯები და სათბობ-ენერგეტ. ბალანსის დეფიციტი; ენერგეტ. კომპლექსის მდგრადობა შიგა და გარე ეკონომიკურ, ტექნოგენურ და ბუნებრივ საფრთხეთა მიმართ და დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორის გამოვლენის შედეგად მიყენებული ზარალის მინიმიზაციის უნარი. ე. უ-ის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია: ნორმალურ პირობებში ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობის სრულად ენერგოუზრუნველყოფა, ხოლო სხვადასხვა სახის საფრთხის ან განსაკუთრებული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში – მინ. სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება; ენერგორესურსების სახელმწ. მარაგის შექმნა; არაგანახლებადი რესურსების შევსებადობა (არაგანახლებადი სათბობის რესურსების მოხმარების ტემპები უნდა ეთანადებოდეს მათი ჩასანაცვლებელი წყაროების ათვისების ტემპებს); მოხმარებული სათბობისა და ენერგიის სახეობების დივერსიფიკაცია (ენერგეტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რომელიმე სახეობასა და ერთ მომწოდებელ ქვეყანაზე დამოკიდებული); ეკოლ. უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ენერგეტიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის მზარდი მოთხოვნილების დაბალანსება); ენერგოეფექტიანობის ამაღლება; ენერგორესურსების შიგა ბაზარზე მომგებიანი ეკონ. პირობების შექმნა და საიმპორტო სტრუქტურის რაციონალიზაცია; ყველა შესაძლო ტექნოლ. პროცესსა და პროექტში კონკურენტუნარიანი ადგილობრივი ენერგიაშემცველებისა და მოწყობილობა-დანადგარების გამოყენება. ე. უ. შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა ინტეგრალური და კერძო მაჩვენებლებით, მ. შ. აღსანიშნავია: სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის და მისი დარგების განვითარების ტემპები და მასშტაბები, ენერგიაშემცველების წარმოება და მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, მათი თანაფარდობა მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანალოგიურ საშუალო პარამეტრებთან; ადგილობრივი ენერგეტ. რესურსების არსებობა და მათი ათვისების დონე; ადგილ. წარმოების წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში; სათბობ-ენერგეტ. და ენერგიის ცალკეული სახეების ბალანსების მდგომარეობა, საგარეო ენერგეტ. კავშირები, ენერგიის გამოყენების ეფექტიანობა, პროდუქციის ენერგო- და ელექტროტევადობა, შრომის ენერგო- და ელექტროაღჭურვილობა, მოქმედი ტექნოლოგიების შესაბამისობა თანამედროვე მოთხოვნებთან, ეკოლ. მაჩვენებლები, ენერგიის დანაკარგები მისი ტრანსპორტირებისას, ენერგომომარაგების ხარისხი და სხვ. საქართველოში ე. უ-ის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წლებში.
ცხრილში მოტანილია საქართვ. ე. უ-ის ზოგიერთი მაჩვენებლის დონე და დინამიკა 1990–2012 წლებში (იხ. ცხრ.). ცხრილიდან ჩანს, რომ ამ მაჩვენებლებმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წლებში მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები განიცადა. დარგში ჩატარდა ეკონ. რეფორმები, რ-ის შედეგად ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწ., სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციები. ყველა მოქმედ ძირითად ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, განხორციელდა დიდი რაოდენობის ინვესტიციები, ჩატარდა პრივატიზაცია, მიმდინარეობს ჰესების ფართომასშტაბიანი მშენებლობა, განმტკიცდა საგარეო ენერგეტ. კავშირები და სხვ. მაგ., 2000–13 წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა 1 სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის როგორც წარმოება, ისე მოხმარება. 2007-იდან აღმოიფხვრა ელექტროენერგიის დეფიციტი და 2013 მისმა სიჭარბემ 170,5 მლნ. კვტ.სთ შეადგინა; გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტი და შემცირდა იმპორტი. გაუმჯობესდა პროდუქციის ენერგო- და ელექტროტევადობის პარამეტრები. ამასთან, რიგი მაჩვენებელი ჯერ კიდევ ჩამორჩება 1990 წლის დონეს. ე. უ-ისა და დაბალანსებული განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისა და მეთოდების ერთიანობა, საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების უმკაცრესი დაცვა.
ლიტ.: გველესიანი თ., ჩომახიძე დ., საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება (საინჟინრო ჰიდროეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები), თბ., 2011; საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია. ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბ., 2003; საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, თბ., 2004 (ავტორთა კოლექტივი); ჩომახიძე დ., საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება (სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები), თბ., 2003.
დ. ჩომახიძე