ენერგოსისტემა, ენერგეტიკული სისტემა, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი, ყველა იმ მოწყობილობა-დანადგარების ერთობლიობა, რ-ებიც გაერთიანებულია ამა თუ იმ სახის ბუნებრივი ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის, მისი გადაცემისა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს შორის განაწილების ერთიან ტექნოლ. პროცესში. ე-ის შემადგენლობაში შედის ენერგორესურსები (ჰიდრო, თბო, ქარის, მზის და ა.შ.), ენერგიის გარდამქმნელები (ორთქლის ქვაბები, ატომური რეაქტორები, ტურბინები, ელექტროგენერატორები, ელექტრული ძრავები და ა.შ.), ენერგიის გადაცემის საშუალებები [ელექტროგადამცემი ხაზები (ეგხ) და მაგისტრალები, ტრანსფორმატორები და სხვ.] და ელექტრული ენერგიის მიმღებები (მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და ა. შ. დარგები). ე. შეიცავს სამ ძირითად რგოლს: ელექტრული სადგურები, თბური და ელექტრული ენერგიის გადაცემის ქსელი, თბური და ელექტრული ენერგიის მომხმარებლები. ე. იყოფა ელექტროენერგეტიკულ სისტემად (ელექტრული სისტემა) და თბოენერგეტიკულ (თბოენერგეტიკა) სისტემად. პირველი ახორციელებს ელექტრული ენერგიის წარმოება-გადაცემა-განაწილების ტექნოლ. პროცესს, ხოლო მეორე კი – თბური ენერგიის იმავე პროცესს. ჯამური დადგმული სიმძლავრით ფასდება ე-ის მასშტაბები, რ-ებიც სისტემაში დადგმული ელექტროგენერატორების ნომინალურ სიმძლავრეთა ჯამის ტოლია. პატარა ენერგოსისტემის ჯამური დადგმული სიმძლავრე რამდენიმე ათას მეგვტ შეადგენს, ხოლო დიდი ენერგოსისტემებისა – რამდენიმე ათეულ და ასეულ ათას მეგვტ სჭარბობს. საქართველოს ე. შეიქმნა 1934 ზაჰესისა და რიონჰესის ეგხ-ების (ძაბვა 110 კვ) გაერთიანებით. 1938 მას შეუერთდა ტყვარჩელსრესი. 1969 გაერთიანდა ამიერკავკასიის ე-ები. ამჟამად საქართვ. ე. დაკავშირებულია მეზობელი ქვეყნების ე-სთან: რუსეთთან – 500 და 220, თურქეთთან – 220, სომხეთთან – 220 და აზერბაიჯანთან – 500 და 330 კვ-იანი ეგხ-ებით. საქართველოს ე-ში მოქმედი ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 3300 მეგვტ სჭარბობს, მათ შორის ჰესების 2600 მეგვტ-ზე მეტს და თესები 730 მეგვტ (იხ. სტატიები ელექტროენერგეტიკა, ენერგეტიკა).
გ. მახარაძე
ნ. ჩიხლაძე