ენთელი

ენთელი, ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ურავლის ხეობაში, სოფ. ურავლის სამხრ-ით, მდინარის მარჯვ. სანაპიროზე. სახელწოდება ე. აღნიშნავს მდინარის ფსკერიდან ამოსულ ყინულივით ცივ წყალს. ამავე სახელწოდების ორი სოფელი არის ადიგენის მუნიციპალიტეტშიც, ქვაბლიანის მარცხ. სანაპიროზე (იხ. ზემო ენთელი და ქვემო ენთელი). ურავლის ხეობის ე-ში მდგარა დარბაზული ეკლესია (ფართობი 8 მX4 მ), სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები ჰქონია; შესასვლელი კი – სამხრეთიდან, რ-ის არქიტრავის ქვაზე თაღი ყოფილა გამოყვანილი. ეკლესია თლილი ქვითაა ნაგები, ჰორიზ. წყობა განსაკუთრებით გარედან შეიმჩნევა. შიგნიდან კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა. პილასტრი ორსაფეხურიანია, ჩრდ. კედელზე შემორჩენილია პროფილირებული ლავგარდანი. ეკლესიის გალავანზე ცერად ნაწყობი მაღალი ლოდების მწკრივი იყო შემოვლებული. ამჟამად ეკლესიის შენობისა და გალავნის მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 სოფ. ე. შედიოდა ახალციხის ლივაში და ცხოვრობდა 8 კომლი: დავითა დავითის ძე, იასონა – ძე მისი, საბია, პეტრე – ძე მისი, ხალა, ფოცხვერა – ძე მისი, ბადურა რომანის ძე, დავითა. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი, ბოსტნეული; ჰყავდათ ღორი და ფუტკარი. მათი გადასახადი 19000 ახჩას აღწევდა. 1944 მაჰმადიანი ქართველები აქედან შუა აზიაში გადაასახლეს. მას შემდეგ ე. დაუსახლებელია.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941.

დ. ბერძენიშვილი