ზემო ქსოვრისი

ზემო ქსოვრისი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1080 მ, გორიდან 30 კმ. 12 მცხ. (2002). სოფელი მდებარეობს სკრის ხეობაში, XV–XIX სს-ში შედიოდა საციციანოში. სოფლის თავში, საქორეთის მთის კალთაზე დგას დიდი ზომის ქვის კვადრებით ნაგები ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. სოფლიდან 1 კმ-ზე, ტყეში, სკრის ხეობისა და ნალიანის ხევის შესართავთან დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობისა და გალავნის ნანგრევები. ზ. ქ-ის ეკლესიები შეიძლება ზოგადად შუა საუკუნეებით დათარიღდეს.

ჯ. გვასალია