გრძელიძე დავით ვლადიმერის ძე (30. IX. 1921, თბილისი, – 1. X. 1992, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). არქიტ. კანდიდატი (1956).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1948), მოსკ. არქიტ. ინ-ტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები (1952). მუშაობდა „თბილქალაქპროექტში" (1956–58), ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1964–91), პარალელურად 1989-იდან იყო არქიტ. და ქალაქთმშენებლობის თეორიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში; 1979-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში.
ნამუშევრები: თბილ. საბურთალოს რ-ნის დეტალური დაგეგმარების პროექტი (1958; ა. ბაქრაძესთან , ი. და შ. ყავლაშვილებთან ერთად); ტიპური სერია 5–9-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრ. სახლებისა (1977; ზ. ბერუაშვილთან და გ. ხიზანიშვილთან ერთად); გვინეის რესპუბლიკაში ქ. დებელეს დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტი (1978; გ. ბერიძესთან ერთად); თბილისში 16-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრ. სახლი (1987, მუხიანის მიკრორაიონი) და სხვ.
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე