ენოთერა

ენოთერა (Oenothera biennis), ერთ, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ონაგრასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 1 მ-მდე, ღერო სწორი, დაუტოტავი, მორიგეობით განლაგებული ფოთლებით, ფესვთანური გრძელყუნწიანი და როზეტად შეკრულია, ღეროს ბოლოზე აქვს დიდი, მტევნისებრი ყვავილები, რ-ებიც საღამოს იშლება. იმტვერება ღამის ჩრჩილით, ზოგი სახეობა თვითმტვერიაა. XVII ს. დასაწყისში ე. ჩრდ. ამერიკიდან შემოიტანეს ევროპაში, იქიდან – საქართველოში. გავრცელებულია აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, მინდვრებში, მდინარეთა ნაპირებზე, გზის პირებზე. მისი ერთწლიანი ფესვები ვარგისია საჭმელად. თესლი შეიცავს იოდიან ზეთს, რ-საც სელისა და კანაფის ზეთს უმატებენ და იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე ტექ. მიზნით.

მ. გურგენიძე