ზემო ხვითი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 835 მ, გორიდან 29 კმ. 839 მცხ. (2002). სოფლის განაპირას დგას სამებისა და წმ. გიორგის გვიანდ. შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიები. მცირე ზომის ეკლესიები ნაგებია ნატეხი და ტუფის ქვით. აღმ-ით ორივეს აქვს ნახევარწრიული აფსიდები და ნიშები. შიგა სივრცე დანაწევრებულია პილასტრებით (სამებისა – ორ მონაკვეთად, წმ. გიორგისა – სამ მონაკვეთად). სამების ეკლესიის სახურავის დას. ნაწილში მოგვიანებით დააშენეს ოთხივე მხრიდან თაღებით გახსნილი სამრეკლო. წმ. გიორგის ეკლესიას კი დას-იდან მიდგმული აქვს ორიარუსიანი, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სამრეკლო. სოფლის განაპირას შემორჩენილია აგრეთვე გეგმით მრგვალი კოშკის ერთი სართული. კოშკი გვიანდ. შუა საუკუნეებისაა.
ნ. ანდღულაძე