ზემო ხოდაშენი

ზემო ხოდაშენი, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ხ., აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ხველიანდრო). ზ. დ. 600 მ, ახმეტიდან 16 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002). სოფლის შუაგულში ძვ. სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია მხოლოდ ხარების ეკლესია, რ-იც ყოფილა ლევან მეფისა (1520–74) და ალექსანდრე II-ის (1574–1605) მიერ ათონის მთაზე აგებული ფილოთეოსის მონასტრის მეტოქი, ასევე შემორჩენილია კოშკი მარნით. ზ. ხ-ის მახლობლად მდებარეობს XIX ს. ბოჭორმის დარბაზული ეკლესია, გვიანდ. შუა საუკუნეების ნათლისმცემლის, კვირაცხოვლის, წმ. გიორგის, წამებულის, წმ. მარიამის დარბაზული ეკლესიები და სხვა. სოფლის სამხრ.-აღმ-ით 7–8 კმ-ზე მდებარე კომპლექსში შედის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, სასახლე, სატრაპეზო, კოშკი – სამრეკლო, საცხოვრებელი ნაგებობები და მარანი. კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი. წმ. ნიკოლოზის ეკლესია, რ-იც დგას კონტრფორსებიანი საყრდენი კედლით გამაგრებულ ტერასაზე, აგებულია XIII ს. II ნახ-ში. იგი სამეკლესიიანი ბაზილიკაა. შუა ეკლესია გვერდის ეკლესიებთან შედარებით ორნახევარჯერ უფრო ფართოა. სასახლე გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა. დგას ეკლესიის დას-ით, სასახლის დას-ით კი სატრაპეზოს ნანგრევებია შემორჩენილი. ეს შენობა გალავანშია ჩართული. სასახლის სამხრ-ით დგას გეგმით კვადრატული სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო, რ-ის ნაწილი გალავნის ფარგლებს გარეთაა გასული. ამ ნაწილში, I სართულზე, სამხრ.-დას. კედელში მონასტრის მთავარი შესასვლელია. მონასტრის ეზოს სამხრ.-აღმ-ით და ჩრდ.-დას-ით საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებია. სოფლის სამხრ-ით 3–3,5 კმ-ზე მდებარეობს VIII–IX სს. სამეკლესიიანი ბაზილიკა.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.