ენციკლოპედია (ბერძნ. enkyklios paideia – ცოდნის წრე), სამეცნიერო ან სამეცნიერო-პოპულარული საცნობარო გამოცემა (ჩვეულებრივ, ლექსიკონის სახით), ცოდნის სისტემატიზებული კრებული, რ-შიც ანბანური წყობით ან თემატურად წარმოდგენილია არსებითი ხასიათის ცნობები ადამიანის ცოდნისა და პრაქტ. საქმიანობის ყველა ან რომელიმე დარგიდან. არის სხვადასხვა შინაარსის და სტრუქტურის ე-ები. შინაარსის მიხედვით: უნივერსალური – გვაწვდის არსებით ინფორმაციას ცოდნისა და პრაქტ. საქმიანობის ყველა ძირითადი სფეროდან, დარგობრივი – აშუქებს ერთ რომელიმე სამეცნ. დარგს (მაგ., ისტორია), რეგიონალური – ერთ რომელიმე ქვეყანას ან მხარეს (მაგ., საქართველო), პერსონალური – გამოჩენილი პიროვნების ბიოგრაფიას (მაგ., ივანე ჯავახიშვილი), სპეციალური – ცალკეულ თემას (მაგ., დიდგორის ბრძოლა); სტრუქტურის მიხედვით: ანბანური (მასალა განლაგებულია ანბანური წყობით), სისტემური (მასალა გაშუქებულია დარგობრივ-თემატურ ციკლებად), სისტემურ-ანბანური ანუ შერეული (მიმოხილვით სტატიას მოსდევს თემატურად შესაბამისი ანბანური ნაწილი). ე. ასახავს ეპოქის მეცნ. და კულტ. განვითარების დონეს. ენციკლოპედიური ხასიათის შრომები უძველესი დროიდანაა ცნობილი ეგვიპტეში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში; შუა საუკუნეებიდან კი – ევროპაში, არაბულენოვან სამყაროში. ტერმ. ე-ის მნიშვნელობა ყოველთვის ერთი და იგივე არ იყო. ანტ. სამყაროში იგი იხმარებოდა ზოგადსაგანმან. ცოდნის ელემენტარული კრებულების, ე. წ. შვიდი თავისუფალი ხელოვნების (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა ანუ ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია) აღსანიშნავად. XVI ს. დას. ევროპაში ტერმინი გამოიყენებოდა ახ. მნიშვნელობით – სხვადასხვა შინაარსის კრებულის გაგებით. შემდგომ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით მიიღო დღევანდელი სახე. იმ ტიპის ნაშრომის სათაურად, რ-შიც მასალა განლაგებული იყო სისტემ. წესით, ტერმინი ე. პირველად გამოიყენა ი. ალშტედმა 1620 (ფილოსოფიური კურსის ენციკლოპედია), ხოლო 1728 – ე. ჩემბერსმა იმ შრომის სათაურად, რ-შიც მასალა ანბანურად იყო განლაგებული. ენციკლოპედიური ლიტ-რის ფართო გავრცელებას სათავე დაუდო დ. დიდროსა და ჟ. ლ. დ’ალამბერის რედაქციით გამოცემულმა 35-ტომიანმა დიდმა ფრანგულმა ენციკლოპედიამ (მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის ენციკლოპედია ანუ განმარტებითი ლექსიკონი, 1751–80). მსოფლიო ენციკლოპედიური აზროვნების უდიდეს მონაპოვრად ითვლება ინგლ. ეროვნ. ე. ბრიტანიკა (I გამოც. 1768–71), პ. ლარუსის ე-ები ფრანგულ ენაზე (XIX–XX სს.), ბროკჰაუზის სახელწოდებით ცნობილი გერმ. ე-ები (1808-იდან), ი. მაიერის დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი (1840–55), ამერ. ე. ამერიკანა (1903–04-იდან), ესპანური ენციკლოპედია (1905–30), იტალ. ე. იტალიანა (1929–39), ფრანგული ენციკლოპედია (1933-იდან) და სხვ. ცნობილია არაერთი მნიშვნელოვანი რუს. ენციკლოპედიური გამოცემა: ფ. პავლენკოვის (1899), გრანატის (1891-იდან), ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონები (1890–1907); დიდი საბჭოთა ენციკლოპედია – I (1926–47, 66 ტომად), II (1950–58, 51 ტომად), III (1969–78, 30 ტომად); რუსეთის, უკრაინისა და სხვ. უნივერს. თუ დარგობრივი ე-ები და სხვ.
საქართველოში ტერმ. ე. XVIII ს-იდან იხმარება, თუმცა ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლთა შორის ბევრი ნაშრომი მრავალფეროვანი შინაარსისა და საკითხთა სისტემ. განლაგების მიხედვით შეიძლება შეფასდეს ენციკლოპედიური ხასიათის თხზულებად (ამ ტერმინის ადრინდ. გაგებით). ასეთებია: მრავალთავები, სწავლანი, საეკლ. ჰიმნოგრაფიული, პოლემიკურ-დოგმატიკური თუ ფილოს.-თეოლ. კრებულები, მატიანე-ცხოვრებანი და სხვ. უძველესი საუკუნეებიდან მომდინარე კრებული ე. წ. მრავალთავი (პ. ინგოროყვას განმარტებით დიდი მოცულობის ენციკლოპედია – ქრესტომათია) თავდაპირველად მხოლოდ ჰომილეტიკურ მასალას შეიცავდა. X ს-თვის კი, როდესაც მისი შევსება-დახვეწა დასრულდა, იგი გახდა ჰომილეტიკურ-ჰაგიოგრაფიული. ამ ტიპის კრებულებიდან ჩვენამდე ნაკლული სახით მოაღწია ხანმეტმა (VIII ს. I ნახ.), უდაბნოს (IX–X სს.), სვანურმა (X ს.), პარხლის (X ს.), ათონის (X ს.) მრავალთავებმა. მრავალფეროვანი შინაარსის გამო თავისებური ენციკლოპედია უწოდა კ. კეკელიძემ იოანე-ზოსიმეს მეტად მნიშვნელოვან, რთული შედგენილობის კრებულს საგალობელნი იადგარნი... (956). იადგარულ ნაწილში ავტორს გაშუქებული აქვს იმ დროის ქართ. სინამდვილეში არსებული ჰიმნოგრაფიული ნაღვაწი – არქაულიცა (VIII–IX სს.) და თანადროულიც (X ს. 30-იანი წლები) – და მათთვის მიწერილი აქვს ტერმინები: ძუელნი და ახალნი. X ს. 70-იანი წლების უნიკალური ხელნაწერი შატბერდის კრებული, რ-იც შეიცავს ეგზეგეტიკურ თხზულებებს, ჰაგიოგრაფიული და ისტ. მწერლობის ნიმუშებს, დარგობრივ-თემატიკური მრავალფეროვნებით შემეცნებით-საგანმან. ხასიათის კრებულია. ამიტომ მის უსათაურო ნაწილს მ. ჯანაშვილმა სასწავლო წიგნი შეარქვა, ხოლო მ. შანიძემ მთლიანად ხელნაწერს – ენციკლოპედიური კრებული. 978–988 მიქაელ მოდრეკილმა შეადგინა უნიკალური კრებული, რ-შიც თავი მოუყარა საქართველოში არსებულ ნათარგმნ და ორიგინ. ჰიმნოგრაფიულ მემკვიდრეობას. საგალობლებს მიწერილი აქვს ავტორთა სახელები და გალობის ნიშნები. ამ ენციკლოპედიურმა კრებულმა მრავალი საგულისხმო ლიტ.-ისტ. ცნობა შემოგვინახა.
იმ განმანათლებელ სწავლულთა შორის, რ-ებმაც თარგმანის აღქმის გასაიოლებლად ტექსტს სხვადასხვა სახის შენიშვნები და კომენტარები დაურთეს, ერთ-ერთი პირველი იყო ექვთიმე მთაწმიდელი. მისი თარგმნილი თხზულებებიდან ბევრი შეიძლება შეფასდეს ენციკლოპედიური ხასიათის მქონედ თემის მრავალმხრივი განხილვისა და საკითხების სისტემური განლაგების გამო, მაგ., მათეს სახარების იოანე ოქროპირისეული კომენტარები, რ-ებიც სპეციალური ანუ თემატური ე-ის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს. ექვთიმეს ტრადიცია გააგრძელა გიორგი მთაწმიდელმა. მისი ნაშრომებიდან საგანგებოდ გამოსაყოფია თთუენი ათორმეტნივე. კრებული უნიკალურია თავისი სისრულითა და საგალობელთა სისტემ. განლაგებით. ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების საგანმან. მოღვაწეობა გააგრძელა ეფრემ მცირემ. მან თარგმანის ტექსტის გაგებისათვის საჭირო შენიშვნები შეიტანა არა თავად ტექსტში, არამედ წინასიტყვაობაში, ანდერძსა და სქოლიო-კომენტარებში. ფილოლ., ლექსიკოლოგიური თუ გრამატ. ხასიათის ეს კომენტარები მეცნ.-საცნობარო აპარატის როლს ასრულებს და ეფრემის თხზულებებს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ეგზეგეტიკური თხზ. ფსალმუნთა განმარტება, რ-შიც ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ცნებათა განმარტებები ანბანთრიგზეა გაწყობილი.
არსენ იყალთოელის შემოქმედებიდან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მის მიერ თარგმნილი პოლემიკური, დოგმატიკურ-ფილოს. და მორალური ხასიათის თხზულებებისგან შედგენილი კრებ. დოგმატიკონი, რ-ის ხელნაწერის კიდეებზე მრავლადაა არსენის ხელით მიწერილი საღვთისმეტყველო ცნებათა განმარტებების შემცველი სქოლიო-შენიშვნები, რაც კრებულს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს. ქართ. ფილოს. და ენციკლოპედიური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებასა და სამეცნ.-ფილოს. ტერმინებისა და ცნებების შემუშავება-დამკვიდრებას დიდი ამაგი დასდო იოანე პეტრიწმა. მან პროკლე დიადოქოსის თხზულების კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის თარგმანი გააღრმავა და გაამდიდრა კომენტარებით და შენიშვნებით, დაურთო ბოლოსიტყვაობა, რ-შიც ჩამოაყალიბა თავისი თეოლ. სისტემა. მისი თანამედროვენი ამ თარგმანს საგანმანათლებლო ხასიათის ნაწარმოებად თვლიდნენ. წინამორბედ მოღვაწეთა ტრადიციებს აგრძელებს ანტონ I კათოლიკოსი. საინტერესოა მისი დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზ. მზამეტყველება, რ-იც საკვლევი თემის (მონოფიზიტური იდეოლოგიის კრიტიკა) ყოველმხრივი და სისტემ. განხილვით ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთივე ხასიათისაა ანტონის ღვთისმეტყველება (4 ტომად), რ-ის ძირითადი წყაროა ფრანგულ ენაზე პარიზში გამოცემული საღვთისმეტყველო ენციკლოპედია. ახ. ეტაპი ქართ. ენციკლოპედიური აზროვნების განვითარებაში იწყება ს.-ს. ორბელიანის ქართული ლექსიკონით, ანუ სიტყვის კონით. ლექსიკონის თავდაპირველი ამოცანა იყო ქართ. წერილობით წყაროებში დადასტურებული ყველა სიტყვის აღნუსხვა. მაგრამ იმის გამო, რომ საბამ სიტყვები განმარტა კიდეც, ლექსიკონში შეიტანა ონომასტიკა და ტოპონიმიკა, დაურთო ქართ. ლექსიკის უცხ. შესატყვისები, ნაშრომი გასცდა განმარტებითი ლექსიკონის ფარგლებს და შეიძინა ერთგვარად უნივერს. ხასიათი – გახდა ენციკლოპედიურიცა და თარგმნითიც. მისი სახით უკვე XVIII ს. 10-იან წლებში გვაქვს თანამედროვე ენციკლოპედიურ ლექსიკონთან მიახლოებული ტიპის ნაშრომი. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობის გამგრძელებლები არიან დავით და იოანე ბატონიშვილები. ისინი ცდილობდნენ ქართული ლექსიკონისთვის უფრო მეტად მიეცათ ენციკლოპედიური ხასიათი: ავრცობდნენ ახ. ტერმინებით, ახალშემოსული ევრ. სიტყვებით, ბევრ სიტყვას ურთავდნენ უცხ. შესატყვისებს, კომენტარებს, წყაროების დასახელებას, იყენებდნენ უახლეს სპეც. ლიტ-რას. დავით ბატონიშვილს 1788 შეუდგენია მითოლოგიური ლექსიკონი გ. ჩულკოვის ამავე სახელწოდების ლექსიკონის მიხედვით; მისი ერთ-ერთი წყაროა ფსევდონონეს მითოლ. კომენტარების ეფრემ მცირისეული თარგმანი. მითოლ. გმირებისა და სამყაროს ყოველმხრივი აღწერა-დახასიათება ლექსიკონს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს. იოანე ბატონიშვილის ქართული ლექსიკონი (შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტი) ძირითადად საბას ლექსიკონს ეფუძნება, მაგრამ დამატებული აქვს ბიოლ., სამედ., გრამატ., ფილოს. ტერმინები, პერსონალია, ტოპონიმიკა, სამედ.-ფარმაკ. რჩევა-დარიგებები, რაც მის ენციკლოპედიურ ხასიათსა და პრაქტ. დანიშნულებას განსაზღვრავს. იოანეს კალმასობა (ხუმარსწავლა) თავისებური ენციკლოპედიაა, რ-იც მკითხველს აწვდის იმ დროის მეცნ. მიღწევებს. ტერმ. ე. XIX ს. დამდეგიდან ხშირად გამოიყენება თარგმანებსა თუ ორიგინ. თხზულებებში. მაგ., ყრმათა ენციკლოპედია ანუ ახალნი შემოკლებულნი ჰსწავლანი ყოვლისა გვარისანი, რ-იც იოანე ბატონიშვილის დავალებით რუსული ენიდან უთარგმნია ი. ბაზლიძეს (დაცულია ხელნაწერის სახით). 1823 პეტერბურგში დაიბეჭდა გ. ჩუგუნაშვილის (ჩუგუნოვი) წიგნი – ენციკლოპედია ანუ შეკრებილება ზნეობათა სწავლათა ჰაზრთანი, და განსჯანი სხუათა და სხუათა თავთათჳს და აღსხმული ანბანთა ზედა, რ-იც შედგენილია ფრანგულიდან თარგმნილი თხზულების მიხედვით. მასში სამი დამოუკიდებელი ნაწილია, აქედან ერთი – საკუთრივ ე. ეს ნაშრომი პირველი ქართული გამოცემაა, რ-ის სათაურშიც არის ტერმინი ე. ქართ. ენციკლოპედიური აზროვნებისათვის მნიშვნელოვანია ი. როსტომაშვილის მიერ თბილისში გამოცემული რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი – სალარო ცოდნისა (1898–99, ტ. I. А – Тяуръ, ოთხ წიგნად). ეს იყო პირველი თანამედროვე მეცნიერულ საფუძველზე გაწყობილი ე. (ი. როსტომაშვილი სარგებლობდა ბროკჰაუზის ე-ის პრინციპებით). ე-ის გამოცემა კიდევ რამდენჯერმე სცადეს: 1904 შექმნილმა საგანგებო ამხანაგობამ ცისკარმა (თავ-რე პ. თუმანიშვილი, დამფინანსებელი – ი. ზუბალაშვილი) შეიმუშავა რეგიონალური ე-ის საქართველოს მოსამზადებელი პროგრამა. უნდა გამოსულიყო თავდაპირველად რუს., შემდეგ კი – ქართ. და ფრანგულ ენებზე 10 ტომად. რედაქტორებად მოიაზრებოდნენ ა. ცაგარელი, ვ. პეტრიაშვილი და ა. ხახანაშვილი. ყოველ დარგს თითო ტომი დაეთმობოდა. ა. ხახანაშვილს უნდა დაეწერა: 1. ქართული მწერლობა XIX საუკუნემდე; 2. შოთა რუსთაველი; 3. ქართული მწერლობა – XIX საუკუნე. რა ბედი ეწია ამ ჩანაფიქრს, უცნობია. 1912 ბაქოში მცხოვრები ქართვ. და რუსი მარქსისტები აპირებდნენ გამოეცათ ენციკლოპედიური ლექსიკონი სოციალური და პოლიტიკურ-ეკონომიური საგნებისა ორ დიდ ტომად. შედგენილი ყოფილა სიტყვანი და განისაზღვრა სტატიათა მოცულობა. 1914 რუს მწერალს გ. რუკავიშნიკოვს განუზრახავს კავკასიის ენციკლოპედიის გამოცემა რუს. ენაზე 10 ტომად. ე-ს მკითხველისთვის უნდა მიეწოდებინა კავკ. შესახებ მეცნიერულად დაზუსტებული და დამუშავებული, სისტემ. წესით დაწყობილი ცნობები სათანადო ლიტ-რის მითითებით. ავტორებად კავკ. მცოდნე პირთა შორის მიწვეული იყვნენ ნ. მარი და ო. უორდროპი. 1927 თბილისში დაიბეჭდა ი. აბულაძის რუსულ-ქართული ლექსიკონი სალიტერატურო, საპოლიტიკო და უცხო სიტყვათა და ტერმინთა ჩათვლით (ნაწ. I, А–Л). ლექსიკონი შინაარსით, შედგენის პრინციპით, განმარტების სპეციფიკურობით ენციკლოპედიური ხასიათისაა. ე-ის გამოცემა 30-იან წლებშიც სცადეს. საკ. კპ(ბ) კავკ. სამხარეო კომიტეტის 1932 წ. 25 სექტ. დადგენილებით შეიქმნა სარედაქციო კოლეგია ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის მოსამზადებლად მ. ტოროშელიძის (მთ. რედაქტორი), ს. ყაუხჩიშვილის (პ/მგ მდივანი), ნ. მარის, ნ. მუსხელიშვილის, ა. შანიძის, გ. ახვლედიანის, ვ. ბერიძის, პ. შარიასა და სხვათა შემადგენლობით. ჩამოყალიბდა სიტყვანის განყ-ბა, რ-მაც უკვე 1933-თვის მოამზადა 50000 ტერმინისაგან შემდგარი კარტოთეკა, პირველ სამ ასოზე (ა, ბ, გ) დაიწერა 6022 სტატია, მომზადდა კონტინენტებისა და საქართვ. რ-ნების რუკები, ჩამოისხა ხუთნაირი შრიფტი და 1935 ზაფხულში დაიწყო ტექსტის აწყობა. 1936 სექტ-მდე აიწყო 17 თაბახი, დაიბეჭდა 11 თაბახი ტექსტი და 5 რუკა. ამით გამოცემაზე მუშაობა შეწყდა. 60-იან წლებში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი
სამეცნიერო რედაქციის შექმნა ი. აბაშიძის თაოსნობით. 1975–87 გამოიცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 12 ტომი (მთ. რედ. ი. აბაშიძე; 11 ძირითადი და 1 სპეცტომი საქართველოს სსრ 2 წიგნად, ქართ. და რუს. ენებზე); ტერმინოლოგიური ლექსიკონები. მომდევნო წლებში გამოიცა ენციკლოპედიები: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. V, 1990, ტ. II, 2004, ტ. 1–I, 2013, 1–2, 2015, 1–III, 2019, 1–IV, 2021; საქართველო, ტ. I (1997), ტ. II (2012), ტ. III (2014), ტ. IV (2018); თბილისი (2002); ქართული ენა (2008); თბილისი.
ქუჩები, გამზირები, მოედნები (2008); საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (2009); 100 ქართველი უცხოეთში (2010) და სხვ. 2002 თსუ-მა გამოსცა პირველი ქართ. პერსონალური ენციკლოპედიური ლექსიკონი ივანე ჯავახიშვილი. ქვეყნდება დარგობრივი, თემატური და სხვა სახის ე-ები. იხ. აგრეთვე სტ. ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.
ლიტ.: ყიფიანი ი., ნარკვევები ენციკლოპედიური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1987.
ი. ყიფიანი
ლ. კიკნაძე