ენძელა

რადეს ენძელა

ენძელა (Merendera), ტუბერ-ბოლქვიან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. პატარა, უღერო მცენარეა. აქვს ხაზური ან ლანცეტა ფოთლები, რ-ებიც ყვავილებთან ერთად ამოიწვერება მიწიდან. ყვავილები ვარდისფერი, სოსანი, ზოგჯერ თეთრია. 15-მდე სახეობა გავრცელებულია აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში, აღმ-ით – ინდოეთამდე. საქართველოში მხოლოდ 2 სახეობაა: რადეს ე. (M. raddeana) იზრდება იმერეთში, გურიასა და ქართლში, სუბალპ. და ალპ. მდელოებზე, ზ. დ. 3100 მ-მდე.

სამსვეტიანი ე. (M. trigyna) გვხვდება ქართლში, კახეთსა და ჯავახეთის მშრალ ფერდობებზე, მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ზ. დ. 1800 მ-მდე. ორივე დეკორ. და ადრემოყვავილე მცენარეა.

გ. ნახუცრიშვილი