ზემო შუახევის არქეოლოგიური ძეგლები

ზემო შუახევის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური მასალა. აღმოჩენილია სოფ. ზემო შუახევში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სხვადასხვა დროს. 1928 შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს (ან სპილენძის) კასრში ჩაწყობილი ბრინჯაოს ნივთების განძი – 16 ზოდი და ზოდის ნატეხები, მაღალტანიანი ხელეჩო (ან თოხი), ლაგმის ფრაგმენტი. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. 1968 სოფელში ნაპოვნია საკინძები, კერამ. ჭურჭლის ნატეხები და ბრინჯაოს სამაჯური, ასეთივე ანალოგიური სამაჯური აღმოჩენილია კახეთში, გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ერწოს სამარხეულ კომპლექსში. სოფელში ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს 2 ზარაკი (გვიანდ. ბრინჯაოს-ადრინდ. რკინის ხანა) და მშვილდსაკინძი. 1974 სადაზვერვო გათხრების დროს (ხელმძღვ. ლ. წითლანაძე) სოფლის ჩრდ-ით გამოვლინდა გვიანდ. ბრინჯაოს-ადრინდ. რკინის ხანის გორანამოსახლარი. კულტ. ფენები დაზიანებულია. შემორჩენილია ღია ფერის ალიზით კედლის შელესილობის კვალი. ნაპოვნია კერამ. ჭურჭლის ფრაგმენტები. გორანამოსახლარზე აღმოჩნდა აგრეთვე გვიანდ. ფეოდ. ხანის ჩაშვებული სამარხი. არქეოლ. მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. ბაზაზე.

ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისთვის, თბ., 1965; წითლანაძე ლ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება დუშეთის რაიონში 1969 წ., კრ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს, თბ., 1971.

ლ. წითლანაძე