ზემრავალხმიანობა, ხუთ-ექვსხმიანი გალობა, რ-იც ტრადიციულად არსებობდა ქართულ ეკლესიაში XIX ს. დასაწყისამდე (საწყისი პერიოდი უცნობია). ექვსხმიან გუნდში ყოველ ხმას საკუთარი სახელწოდება ჰქონდა: თქმა, მოძახილი ან კრინი, ზილი, ბანი, დაბალი ბანი (ან შემდეგი) და დვრინი. თითოეულ ხმას თითო შემსრულებელი ჰყავდა. ზემრავალხმიანი გალობის შესახებ ცნობებს გვაწვდიან ი. ბაგრატიონი, დ. მაჩაბელი, დ. გურამიშვილი და ბესიკი. ი. ბაგრატიონის მიხედვით ზ. ქართ. ეკლესიაში მხოლოდ განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში გამოიყენებოდა. XIX ს-ში ქართ. გალობის ოფიც. პროფ. სკოლის მოშლამ გამოიწვია ზ-ის დაკარგვა (საგალობლები ხალხში შემოინახა სამხმიან წყობაში). ქართ. ხალხ. მუსიკაში ზ. არ გვხვდება და არც რაიმე ცნობა მოგვეპოვება წარსულში მისი არსებობის შესახებ.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
ი. ჟორდანია