ზენაიშვილი აბესალომ მელიტონის ძე (1. XII. 1920, სოფ. ჩიბათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 20. I. 1994, ბათუმი), შორეული ნაოსნობის კაპიტანი. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე, საქართვ. მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი. 1944 დაამთავრა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი, იყო ვეშაპსარეწი გემის „სლავას” კაპიტანი (1954), საქართვ. საოკეანო თევზსაჭერი ფლოტის ტრაულერ „შოთა რუსთაველის” კაპიტან-დირექტორი (1961), მრავალი სხვა გემის კაპიტანი. 1988-იდან იყო ტანკერ „ნოდარ დუმბაძის” კაპიტანი. ვეშაპსარეწი გემით ორჯერ შემოუარა ანტარქტიდას. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, დიდი სამამულო ომის I ხარისხის ორდენით და მრავალი მედლით.
ვ. ბარათაშვილი