გუად-იხუ, გორა სოხუმის ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა პერიოდის არქეოლ. ძეგლებია აღმოჩენილი 1935, 1951–53 და მომდევნო წლებში (ვ. ბჟანია, მ. თრაფში, მ. ივაშჩენკო).
გ-ს მწვერვალის ზედაპირიდან აკრეფილია მუსტიეს ეპოქის ნუკლეუსები და ანატკეცები. იქვე გაითხარა გვიანდ. ენეოლითისა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი (ძვ. წ. IV–III ათასწლ.). აღმოჩნდა ქვისა და კაჟის იარაღი (თოხები, გაპრიალებული ცული, ისრისპირები, საჭრისები და სხვ.), ხელსაფქვავები, ბადის საწაფები, ტყვიის ზოდები. თიხის ჭურჭელი შემკულია ამოკვეთილი წიწვოვანი და სხვ. ორნამენტითა და მიძერწილი რელიეფური ლილვებით. ზედაპირი უმეტესად ანგობირებულია.
გ-ს მწვერვალის აღმ. ნაწილში აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ცული და სპილენძის წიდები. აქვე გაითხარა ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყ. 2 საცხოვრ. სათავსი და სამარხი, რ-შიც ბრინჯაოს 2 ბრტყელი სეგმენტისებრი იარაღი აღმოჩნდა.
მნიშვნელოვანია გ-ს ანტ. ხანის (ძვ. წ. VI–III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, პირამიდული საწაფები, აგრეთვე იმპორტული შავლაკიანი კერამიკისა და მცირეაზიური კულტ. ცენტრებიდან შემოტანილი ამფორების ნატეხები. კრემაციულ სამარხებში ნაპოვნია რკინის იარაღი (მახვილები, სატევრები, ცულჩაქუჩები და აფთები, მასრიანი შუბისა და ხელშუბის პირები), ბრინჯაოს სამკაული (ფარაკიანი საბეჭდავი ბეჭდები, ზურგშედრეკილი სამაჯურები, რომბისებურად გაბრტყელებულბოლოიანი გვერგვები, საკინძები, მშვილდსაკინძები და სხვ.), მინის სხვადასხვანაირი მძივები, სავარცხლისეული ტალღოვანი ორნამენტით შემკული თიხის დოქები და ქოთნები, იმპორტული (ბერძნული) კერამ. ნაწარმი.
ლიტ.: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI– VIII საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; Воронов Ю. Н., Археологическая карта Абхазии, Сух., 1969; Иващенко М. М., Исследование архаических памятников материальной культуры в Абхазии, «Известия научно-исследовательского института кавказоведения», 1935, в. 3; Трапш М. М., Некоторые итоги археологического исследования в Сухуми в 1951–53 гг., «Советская археология», 1955, в. 23.
ი. გაგოშიძე