გუანდრა

გუანდრა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახ. და III ათასწლეულის ნასახლარი ახალ ათონთან, ზღვასა და აჯიკაფსარის ბორცვიან მასივებს შორის, დაბალ ტერასაზე.

1971–74 გაითხარა დაახლ. 170 მ² ფართობი. გამოვლინდა 3 კულტ. ფენა.

ქვედა ენეოლითის ფენაში აღმოჩნდა ქვიშაში ჩაჭრილი მრგვალი და ოთხკუთხა მიწურები, რ-თა მოწნული კედლები ფაცხის ტიპისა იყო, გადახურვა კი – კონუსური, ქვის იარაღი (ე. წ. სოხუმისა და სოჭ-ადლერის ტიპის თოხები, პიკის ტიპის იარაღი, კაჟის ანატკეცები), აგრეთვე ხელით ნაძერწი მურა-მოვარდისფრო და მსხვილმინარევიანი მოშავო თიხის ჭურჭელი (ქილები, ქოთნები, ჯამები და სხვ.), შემკული ღარული, წიწვისებური, წერტილოვანი და ხაზოვანი ორნამენტით.

მომდევნო, ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა მრგვალი და ოთხკუთხა ფორმის ნაგებობათა თიხატკეპნილი მოედნები, სამეურნ. ორმოები და ნაცროვანი კერები. ქვის იარაღი, ისეთივეა, როგორიც ენეოლითურ ფენაში. მხოლოდ ჭარბობს კაჟის იარაღი (საფხეკები, საჭრისები, ტრაპეცია და სხვ.). კერამ. ნაწარმთაგან გვხვდება ე. წ. ხილის ვაზები, მაღალფეხიანი სასმისები და ჭურჭელი, რ-იც ფორმით ენეოლითურ ფენაში გამოვლენილის მსგავსია. ისინი შემკულია დაჭდეული სარტყლებით, სავარცხლისებური სახეებით და სხვ. ორივე ფენაში აღმოჩნდა თიხის რქიანი სვეტები, რ-ებიც კულტთან და ზღვისპირა ნასახლარების მეურნეობასთანაა დაკავშირებული.

ზედა ფენა ძლიერ იყო დაზიანებული ყოველწლიური მიწის სამუშაოებისაგან.

ლიტ.: საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992; ფხაკაძე გ., დასავლეთ ამიერკავკასია ძვ. წ. III ათასწლეულში, თბ., 1993.

გ. ფხაკაძე