გუარამი, გვარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი (VI ს. 70– 80-იანი წწ.). არსებობს მოსაზრება, რომ გ. უნდა იყოს VI ს. 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეთაური გურგენი (იხ. გურგენის აჯანყება).
ჯუანშერის ცნობით, გ. იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი დედის მხრიდან. მას ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტ. კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მეფედ დანიშნა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობით, გ. ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გ-ს ქართვ. ბაგრატიონთა მამამთავრად მიიჩნევს. წყაროების საერთო მოწმობით, გ-მა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.
წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე.
ლიტ.: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI–VIII საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.
ა. ბოგვერაძე