გუბაზ I

გუბაზ I, ეგრისის მეფე V ს. 50–60-იან წლებში. დაახლ. 456 აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის. დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ უშედეგოდ. ბიზანტიის იმპ. მარკიანემ აჯანყების ჩასახშობად ჯარი გამოგზავნა. ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ომი გაჭიანურდა. გ. I-მა მოლაპარაკება დაიწყო მოწინააღმდეგე მხარესთან, რ-მაც მოსთხოვა, გადამდგარიყო მეფობიდან ან გადაეყენებინა თავისი ძე, რ-იც თანამმართველად ჰყავდა.

გ. I-მა მეფობა თავის ვაჟს წათეს დაუთმო, თვითონ კი, ბიზანტიელთა მოთხოვნით, 465 იმპ. ლეონ I-ს ეახლა კონსტანტინოპოლში. ბიზანტ. წყაროს ცნობით, გ. I ბიზანტ. სამეფო კარზე თავდაპირველად გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილად მოპყრობიან და სამშობლოში გამოუსტუმრებიათ.

წყარო: პრისკე პანიონელი, გუთების ისტორია, წგ.: გეორგიკა, ალ. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

ლიტ.: ლ ო მ ო უ რ ი  ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; მისივე, К истории взаимоотношений Лазского (Эгрисского) царства и Византии в V в., «Византийские очерки», М., 1982.

ნ. ლომოური