ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა გ. ნიკოლაძის სახელობისა (შპს „ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა), საქართველოს შავი მეტალურგიის ერთ-ერთი დიდი საწარმო ზესტაფონში. აშენდა 1933 ჭიათურის მანგანუმის მადნის, ტყიბულის ქვანახშირისა და რიონჰესის ელექტროენერგიის ბაზაზე. ექვემდებარებოდა სსრ კავშირის შავი მეტალ. სამინისტროს. საწარმოს დაპროექტებაში, წარმოების გამართვასა და ტექნოლ. დამუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვის გ. ნიკოლაძეს. 1967-იდან ქ-ნა მისი სახელობისაა. 1930 წ. თებერვალში შეიქმნა „ფერომანგანმშენის” სამმართველო, იმავე წლიდან დაიწყო მუშათა ქალაქის, ქ-ნისა და სხვა ობიექტების მშენებლობა. პარალელურად თბილისში 1930 აიგო საცდელი ქ-ნა (იარსება 1936-მდე, ხოლო შემდეგ გადატანილ იქნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში), რ-მაც ზესტაფონის მომავალი ქ-ნისათვის შეიმუშავა ფეროშენადნობთა წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგია და დიდი როლი შეასრულა კვალიფიციური კადრების მომზადებაში. 1933 წ. 30 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნამ პირველი შენადნობი გამოუშვა, ხოლო 1937 საპროექტო სიმძლავრეს მიაღწია (16 ათ. ტ ფეროშენადნობი წელიწადში). დაარსების დღიდან საწარმოს ერქვა „ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა”, 1938-იდან კი ეწოდა „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”. თავდაპირველად ქ-ნაში მხოლოდ ერთი ძირითადი №1 საამქრო მუშაობდა, უშვებდა ნახშირბადიან ფერომანგანუმს, ფეროსილიციუმსა და სილიკომანგანუმს. 1942-იდან ამუშავდა საცდელი საამქრო, რ-იც ელექტროლიზურ ლითონურ მანგანუმს ამზადებდა. აღნიშნული ლითონის მიღების ტექნოლოგია შეიმუშავა რ. აგლაძემ და გ. სიორიძემ. II მსოფლიო ომის დროს ქარხანამ დიდი წვლილი შეიტანა ფოლადის წარმოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში.
ომის შემდგომ წლებში (1955–66) მოხდა ქარხნის ძირეული რეკონსტრუქცია, ამუშავდა ახ. საამქროები (№2, №3, №4), რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ღუმლების საერთო სიმძლავრე, ასევე წარმოების მოცულობაც (შეადგინა 250 ათ. ტ ფეროშენადნობი წელიწადში). თუ 1933 საწარმომ 1000 ტ ფეროშენადნობი გამოუშვა, 1955 ამ მაჩვენებელმა 95700 ტ, ხოლო 1965 – 204800 ტ შეადგინა. გაფართოვდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტიც. საწარმომ 47 ახ. დასახელების ფეროშენადნობის წარმოება აითვისა. აღსანიშნავია, რომ ელექტროლიზური მანგანუმის სამრეწვ. მასშტაბებით წარმოება მსოფლიოში პირველად იქნა ათვისებული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში. საქართველო სსრ კავშირში ფეროშენადნობების ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი იყო, ხოლო ელექტროლიზური ლითონური მანგანუმი და საშუალონახშირბადიანი ფერომანგანუმი მხოლოდ ამ ქ-ნაში მზადდებოდა. საწარმოს პროდუქცია ყველა მოკავშირე რესპუბლიკასა და მსოფლიოს 30 ქვეყანაში იგზავნებოდა. 1980–88 ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიწყო ტექ. გადაიარაღების ახ. ეტაპი – 1980 სილიკომანგანუმის წარმოებისათვის ამოქმედდა №5 საამქრო, დაიდგა იაპონური წარმოების დახურული ტიპის ღუმლები და გარემოს დამცავი დანადგარები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ატმოსფეროს დაბინძურება გამოფრქვეული მტვრისაგან. წარმოების მოცულობის მხრივ 1988 იყო პიკი – ქ-ნამ გამოუშვა 480 ათ. ტ სასაქონლო ფეროშენადნობი, მ. შ.: მაღალნახშირბადიანი ფერომანგანუმი – 87,9 ათ. ტ, საშუალონახშირბადიანი ფერომანგანუმი – 116,6 ათ. ტ, სილიკომანგანუმი – 273 ათ. ტ და ელექტროლიზური მანგანუმი – 1979 ტ. 1990–2000 ქ-ნაში დიდი სიძნელეები წარმოიშვა ნედლეულის, ელექტროენერგიის, მასალებისა და სხვათა დეფიციტის გამო, რის შედეგადაც მკვეთრად შემცირდა გამოშვებული პროდუქცია. კერძოდ, 2000 წელს 1990 წელთან შედარებით მაღალნახშირბადიანი ფერომანგანუმის წარმოება დაეცა 70-ჯერ, საშუალონახშირბადიანი ფერომანგანუმისა – 12,3-ჯერ, სილიკომანგანუმისა – 5,8-ჯერ. 2000 აღნიშნული პროდუქციის წარმოებამ შეადგინა, შესაბამისად: 582 ტ, 6088 ტ და 27347 ტ. რაც შეეხება ელექტროლიზურ მანგანუმს, იგი ქ-ნას 1994-იდან აღარ უწარმოებია. 1996 ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნა სააქციო საზ-ბად გადაკეთდა. ქ-ნის სახელმწ. მფლობელობაში არსებული აქციების 51% სამართავად (მინდობილობით) გადაეცა „რეკონსტრუქციისა და განვითარების რუსულ-ქართულ ბანკს”. 1998 სახელმწიფომ გამოაცხადა კონკურსი საწარმოს აქციების 49%-ის პრივატიზაციაზე, რ-იც შეისყიდა შვეიცარულმა კომპანიამ Novarco AG-მა და დაახლ. 3000 ფიზიკურმა და იურიდ. პირმა. 2003 ქ-ნის სახელმწ. საკუთრებაში დარჩენილი აქციების 51%-ის მფლობელი გახდა ავსტრიული კომპანია DCM DECOmetal International Trading GmbH. ამ დროიდან ქ-ნას კვლავ ქართ. მენეჯმენტი მართავდა (2006-მდე). დაიწყო წარმოების აღდგენა-განვითარება. 2006 წ. 7 სექტემბრიდან შეიქმნა ჰოლდინგური კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზი”, რ-შიც სააქციო საზ-ბა „ზ. ფ. ქ-სთან” ერთად გაერთიანდა სააქციო საზ-ბა „ჭიათურმანგანუმი”. მათი მფლობელია უკრაინული კომპანია „GM – Georgian manganese holding Limi ted“. საწარმო აღიჭურვა უახლესი მოწყობილობა-დანადგარებით. 2007–14 მწყობრში ჩადგა მზა პროდუქციის სამსხვრევ-დამხარისხებელი მძლავრი კომპლექსი, წიდების სამსხვრევ-დამხარისხებელი და სეპარაციის კომპლექსი, კაპიტ. შეკეთდა 22,5 მეგვა სიმძლავრის შვიდი და 11,5 მეგვა სიმძლავრის სამივე ღუმელი, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და ეკოლ. მდგომარეობა. 2012-იდან კომპანიის მოწვევით ქ-ნას მართავს ამერ. მენეჯმენტი „GEORGIAN AMERICAN ALLOIS MANAGEMENT LLC-ს“ სახით. 2012–13 რეკონსტრუქცია ჩაუტარდა №4 საამქროს ღუმლებს; ელექტროდების განშლის დიამეტრის შემცირების ხარჯზე შემცირდა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა; გაიზარდა ღუმლების წარმადობა და შემცირდა ელექტროენერგიის ხარჯი; სახელურიანი ფილტრები დადგენილი პერიოდულობით იცვლება ქ-ნის ყველა აირგამწმენდ მოწყობილობაზე. 2013 ქ-ნის მზა ნაწარმის საწყობის №1 უბანზე ექსპლუატაციაში შევიდა ახ. აირგამწმენდი დანადგარები, რ-ებიც უზრუნველყოფენ ატმოსფეროში გამოფრქვეული მტვრის 99%-ის შეგროვებას. ამჟამად ქ-ნაში ფუნქციონირებს 2 ძირითადი საამქრო (№1 და №4). მზადდება: ფეროსილიკომანგანუმი და ფერომანგანუმი (გამოიყენება ფოლადის წარმოებაში როგორც განმჟანგველი და მალეგირებელი დანამატები). ქ-ნა ძირითადი საწარმოო ნედლეულით (მანგანუმის მადნით) მარაგდება შპს „ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში არსებული „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატიდან”, ავსტრალიიდან, სამხრ. აფრიკიდან, გაბონიდან, განადან; კოქსი შემოდის უკრაინიდან; კვარციტი – მადნეულის საბადოდან (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), უკრაინიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან; კირქვა – აჯამეთის ქალცედონის კარიერიდან (სოფ. ნახშირღელე, თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ქ-ნის საწარმოო სიმძლავრეა 230 ათ. ტ ფეროშენადნობი წელიწადში (2013 წ. 1 იანვ. მონაცემებით). 2013 ქ-ნამ გამოუშვა 181,1 ათ. ტ სასაქონლო სილიკომანგანუმი, რაც აღემატება 1990 და 2000 წლის მაჩვენებლებს, შესაბამისად, 14,8%-ით და 6,7-ჯერ. რაც შეეხება ფერომანგანუმს, მასზე შეკვეთები ქ-ნას 2014-მდე არ ჰქონია, ხოლო საშუალონახშირბადიანი ფერომანგანუმი 2008-იდან, ელექტროლიზური მანგანუმი კი 1994-იდან აღარ უწარმოებია. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით, იგზავნება იაპონიაში, დას. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ქ-ნას უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისათვის მიღებული აქვს ჯილდოები: „ოქროს ვარსკვლავი” (1999, მადრიდი), საერთაშ. პრიზი „ხარისხის გვირგვინი” (2003, ლონდონი), „ხარისხის ერა” (2004, ჟენევა). ქ-ნის ბალანსზეა ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო სტადიონი, ბაკურიანის დასასვენებელი ბაზა და წმ. ნინოს ეკლესია.
დ. გველესიანი