გუბაზ II

გუბაზ II (გ. 554), ეგრისის მეფე VI ს. 40–50-იან წლებში, ბიზანტიის ვასალი. იგი მოხერხებულად იყენებდა ბიზანტ. და ირან. დაპირისპირებას და ცდილობდა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. 541 კავშირი შეკრა ირან. მეფე ხოსრო I-თან და ბიზანტიას აუჯანყდა. მაგრამ, როდესაც 548 ირანელთა ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა (გ. II-ის მოკვლის განზრახვა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება), განუდგა მათ და ისევ ბიზანტ. მხარეზე გადავიდა.

553 ირანელებმა შეძლეს ბიზანტ. და ეგრისის ჯარის დამარცხება, რაც გ. II-მ ბიზანტ. სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს უნიჭობასა და ანგარებას დააბრალა. ამის გამო ბიზანტ. სარდლებმა გ. II მოკლეს (იხ. აგრეთვე სტატიები: ეგრისის დიდი ომი 542–562, ეგრისის აჯანყებები 541, 548, 697).

წყარო: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; პროკოპი კესარიელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: გოზალიშვილი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI საუკუნეში, «თსუ შრომები», 1944, ტ. 26 B; გუჩუა ვ., გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1).

ნ. ლომოური